სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. ცესკოს ინფორმაციით, ყველაზე აქტურად, აფხაზეთში დღეს მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ოჩამჩირელი ამომრჩევლები მონაწილეობენ.
"ყველაზე დიდი აქტიურობა ოცამჩირის რაიონშია დაფიქსირებული", _ განაცხადა დღეს სოხუმში მოწყობილ პრესკონფერენციაზე აფხაზური ე.წ. ცესკოს ხელმძღვანელმა ბათალ ტაბაღუამ.
აღსანიშნავია, რომ ოჩცამჩირეში დარჩენილი არაქართული ეროვნების მოსახლეობის მაღალი აქტიურობა შესაძლოა იმით იყოს განპირობებული, რომ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი, ამჟამად კი ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი სერგეი ბაღაფში წარმოშობით ოცამჩირის რაიონს ერთ ერთი სოფლიდანაა. აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებული გალის რაიონში რუსლან ქიშმარია აცხადებს, რომ გალში ქართველი ეროვნების ამომრჩეველთა აქტიურობა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე მაღალია.
"საქართველოსთან მოსაზღვრე გალის რაიონში, რომელიც ძირითადად ქართული ეროვნების მოსახლეობითაა დასახლებული ამომრჩეველთა აქტიურობა მაღალია",_ აცხადებს რუსლან ქიშმარია. მისივე თქმით, გალში რვავე საარჩევნო უბანი ზუსტად დაგეგმილ დროზე 08:00 საათზე გაიხსნა.
მისივე თქმით, გალის რაიონის ამომრჩეველთა სიაში შეტანილ ამომრჩეველთა 60 %-მა "თავიანთი სამოქალაქო ვალი უკვე მოიხადა". ქიშმარია ასევე აღნიშნავს, რომ გალის რაიონში ხმის მიცემის უფლება 3500 ადამიანზე მეტს აქვს, ანუ მათ ვისაც "აფხაზური პასპორტები აქვთ აღებული".
რუსლან ქიშმარია ასევე აცხადებს, რომ გალის რაიონში გახსნილი საარჩევნო უბნები უკვე მოინახულეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა, "მათ შორის რუსეთის ცესკოს თავმჯდომარემ ვლადიმერ ჩუროვმა, რუსეთის ფედერაციის საბჭოსა და ფედერალური საკრებულოს წარმომადგენლებმა".