"უარესები უარესთა შორის" - საერთაშორისო ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუსმა" ამ სახელწოდების მორიგი ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშში დასახელებულია 17 ქვეყანა და 3 ტერიტორია, სადაც ადამიანის უფლებების თვალსაზრისით განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა. აღნიშნულ ტერიტორიებს შორის საქართველოს ოკუპირებული ცხინვალი რეგიონიც მოხვდა.
სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული ტერიტორია, კიდევ ორ ტერიტორიასთან, ტიბეტთან და დასავლეთ საჰარასთან ერთად ერთიანდება ჯგუფში, სახელწოდებით "უარესები უარესთა შორის", რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით იქ ყველაზე ცუდი სიტუაციაა.
რაც შეეხება 17 ქვეყანას, რადიო „თავისუფლების" ინფორმაციით, მათ შორისაა ბირმა, ერითრეა, ლიბია, ჩრდილოეთ კორეა, სომალი. ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცის ქვეყნებიდან სიაში მოხვდა მხოლოდ ბელორუსია, თურქმენეთი და უზბეკეთი. ქვეყნები შეფასებულია 2 კრიტერიუმის მიხედვით: პოლიტიკური უფლებები და სამოქალაქო თავისუფლებები.