სეპარატისტულ აფხაზეთში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო. მოსკოვის დროით 08:00 საათზე 174 საარჩევნო უბანი გაიხსნა, მათ შორის, ერთი მოსკოვში, და ერთიც ჩერქეზკში.
სეპარატისტების კანონმდებლობის მიხედვით, ხმის მიცემის პროცესი 20 საათამდე გაგრძელდება, ყველა საარჩევნო უბანზე წარმოდგენილია სამი მეთვალყურე თითოეული საპრეზიდერნტროი კანდიდატისგან, ხოლო საარჩევნო კომისიაში 14 წევრია.
უბნებზე განთავსებულია გამჭვირვალე ურნები.
დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტისთვის 5 კანდიდატი: სერგეი ბაღაფში, ვიტალი ბგანბა, რაულ ხაჯინბა, ზაურ არძინბა და ბესლან ბუთბა იბრძვიან.
ექსპერტთა ვარაუდით ძირითადი ბრძოლა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერ სერგეი ბაღაფშსა და მისი ე. წ. მთავრობის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას შორის გაიმართება. აღსანიშნავია, რომ თავად ბაღაფში გამარჯვებას არჩევნების პირველივე ტურში ვარაუდობს.
საარჩევნო უბნების უსაფრთხოებას დე-ფაქტო შსს-ს 700 თანამშრომელი იცავს. ე.წ აფხაზური ცესკოს თავმჯდომარის, ბათჰალ ტაბაღუას განცხადებით, არჩევნებს 83 საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდება.
აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აფხაზეთში იმყოფებიან მეთვალყურეები ავსტრიიდან, ბელორუსიდან, ბულგარეთიდან, გერმანიიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, ლიტვიდან, მოლდოვადან, პოლონეთიდან, არაღიარებული დნესტრისპირეთის რესპუბლიკიდან, რუსეთიდან, სერბეთიდან, სლოვაკეთიდან, აშშ-დან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან, უკრაინიდან, ფინეთიდან, საფრანგეთიდან, ჩეხეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან.
სოხუმში ასევე ჩავიდნენ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს და ფედერაციის საბჭოს წარმომადგენლები.
ვერ ზუსტდება ინფორმაცია საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში ევროპარლამენტის, ასევე ვენესუელისა და ნიკარაგუის წარმომადგენელთა ყოფნის შესახებ.