აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია აფხაზეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
მისი განცხადებით, აფხაზეთში პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა მატულობს.
"ყველა კანდიდატს ექნება სურვილი კრემლის რეჟიმის სასურველ პოლიტიკოსად წარმოაჩინოს თავი. კრემლს აქვს ყველა ბერკეტი იმისათვის, რომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე გაიყვანოს თავისთვის მისაღები კანდიდატი", - აცახდებს ბარამია.
მისი განცხადებით, არსებობს ე.წ. ოპოზიციური სპექტრიც, რომელიც შეეცდება თავისი კანდიდატურის გამარჯვებას.
"შეიქმნება საკმაოდ დაძაბული წინასაარჩევნო ფონი და ვფიქრობ, ნებისმიერი გამარჯვებული კანდიდატი მოექცევა კრემლის წნეხის ქვეშ, გაატარებს კრემლის პოლიტიკას და არ გაიზიარებს მოსახლეობის ინტერესებს", - აცხადებს იგი და დასძენს, რომ რუსეთის მიერ დასმული მარიონეტული რეჟიმის ნებისმიერი ლიდერი იქნება პრორუსული პოლიტიკის გამტარებელი, როგორც წინამორბედი და არ შეცვლის ურთიერთობას დანარჩენ საქართველოსთან.
"რაც შეეხება აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას, ისინი კარგად ხედავენ და ხვდებიან, რუსიფიკაციის როგორ მიზანმიმართულ პოლიტიკას ატარებს კრემლი აფხაზეთში", - აცახდებს ბარამია.