30 მაისიდან 8 ივნისამდე ღვინის ტურიზმის განვითარების პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა 15-კაციანი დელეგაცია, რომელიც ძირითადად შედგება ღვინის კომპანიების მფლობელების და ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელებისაგან.
ამერიკის სავაჭრო პალატაში ამბობენ, რომ პროგრამის მიზანია, აჩვენოს დელეგატებს, რომ ღვინის ინდუსტრიას, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ადგილობრივ მთავრობებს შორის წარმატებულ თანამშრომლობას ძალუძს რეგიონს მისცეს უნარი, შეძლოს დაუვიწყარი ტურისტული თავგადასავლების შეთავაზება. ტურის დროს იმსჯელებენ, თუ როგორ შეიძლება ადგილობრივი კულტურისა და ღვინის დეგუსტაციის შერწყმა და როგორ მოვახდინოთ ბაზრის პოზიციონირება ისე, რომ მოვიზიდოთ ღვინის ტურიზმით დაინტერესებული ტურისტები. პროგრამის მიზანია, მეღვინეებს დაეხმაროს საქართველოს, როგორც ღვინის ტურიზმის ქვეყნის მკაფიოდ პოზიციონირებაში.
ჯგუფი ეწვევა ნიუ იორკის შტატის ფინგერ ლეიქსის მხარეს, ქალაქ ნიუ იორკსა და ჩრდილოეთ კალიფორნიის სონომის და ლოდის რაიონებს.
ამერიკის სავაჭრო პალატის ინფორმაციით, პროექტი ინიცირებულ იქნა ამერიკის სავაჭრო პალატის ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარის, ბეტსი ჰასკელის და საქართველოს ღვინის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, თინა კეზელის მიერ. იმავდროულად პროექტი ორგანიზებულია ამერიკის ვაჭრობის დეპარტამენტის (U.S. Department of Commerce) და USAID-ის ეკონომიკური კეთილდღეობის ინიციატივის მიერ (Economic Prosperity Initiative).
„საქართველოში ღვინის ტურიზმი შედარებით განუვითარებელია და ღვინის ტურიზმის უფრო განვითარებული ბაზრების მაგალითების შესწავლამ შესაძლოა, უაღრესი სარგებელი მოუტანოს ქვეყანას. ამერიკის სავაჭრო პალატა ტურიზმის კომიტეტის და მისი ერთ-ერთი წევრის, საქართველოს ღვინის ასოციაციის მეშვეობით შეძლებისდაგვარად ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს საქართველოში ღვინის ტურიზმის განვითარებას"- განაცხადა ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, დევიდ ლიმ.
უკვე ცნობილია, რომ 2 ივნისს ამერიკის სავაჭრო პალატა უმასპინძლებს პირველ ოფიციალურ საუკეთესო ქართული ღვინოების დეგუსტაციას ქალაქ ნიუ იორკში ბარიშნიკოვის ხელოვნების ცენტრში. მოგვიანებით, იმავე საღამოს, საქართველოს ამერიკელი მეგობრები (American Friends of Georgia), CORUS Imports-თან და Georgian Wine House-თან ერთად უმასპინძლებს 150 კაციან ღვინის წვეულებას.