ნინო ბურჯანაძე მზად არის ავადმყოფურ ამბიციების გამო ქართველი ხალხის სისხლი დაღვაროს, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა შსს-ს მიერ ნინო ბურჯანაძისა და ანზორ ბიწაძის აუდიო ჩანაწერის გამოქვეყნების შეფასებისას განუცხადა.
"ეს არის შეთქმულება არა რომელიმე პოლიტიკოსის და თუნდაც პრეზიდენტის წინააღმდეგ, არამედ, ეს იყო შეთქმულება საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული. ერთი ქალის ავადმყოფურ ამბიციებს, რომელიც საპრეზიდენტო სკამის მოპოვებას უკავშირდება, მის გარემოცვა მზად არის ქართველი ხალხის სისხლი დაღვაროს", - განაცხადა ცისკარიშვილმა.
მისივე შეფასებით, იმისთვის რომ ბურჯანაძემ პრეზიდენტის სკამი დაიკავოს მზად არის საქართველო რუსეთის ნაწილად აქციოს და მისი ტოტალური ოკუპაცია მოახდინოს.
"ეს ადამიანები არიან სამშობლოს მოღალატეები", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციები, შეთქმულებები ხშირად მზადდება, მაგრამ სახელმწიფო იმდენად ძლიერია, რომ ქვეყნის მტრებს მსგავსი ქმედების განხორციელების საშუალება არ ეძლევათ.
"ის, რომ ჩვენ დღეს დამოუკიდებლობის 20 წლისთავს ავღნიშნავთ ეს ნიშნავს, რომ საქართველო თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყნად ჩამოყალიბდა", - აცხადებს ცისკარიშვილი.