ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით, მისთვის საკუთარი მოქალაქეების დარბევის შემდეგ აღლუმის ჩატარება მიუღებელია.
„ვვარაუდობდი, რომ აქციების ფინალი ასეთი იქნებოდა, რადგან ხელისუფლებას არ სჩვევია დათმობები. მართალია, მას იურიდიული კუთხით ჰქონდა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების უფლება, მაგრამ არსებობს მორალური მხარეც. ვფიქრობდი, რომ 7 ნოემბრის შემდეგ ხელისუფლება ძალის გამოყენებაზე არ წავიდოდა და მხოლოდ ტერიტორიას გაწმენდდა, მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ ტერიტორიის გაწმენდა. ეს იყო დარბევა, კლასიკური გაგებით. საკუთარ მოქალაქეებს მოექცე ასე და შემდეგ აღლუმი ჩაატარო, ეს ჩემთვის მიუღებელია", - განუცხადა მამუკა არეშიძემ „ჯი-ეიჩ-ენს".
მისივე განმარტებით, წუხანდელი ოპერაცია ორიენტირებული იყო არა კონსტიტუციური წესრიგის აღდგენაზე, არამედ მოსახლეობაში არსებული საპროტესტო განწყობების დათრგუნვასა და საზოგადოების მაქსიმალურად წელში გატეხვაზე.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერისა და მისი შვილის, ანზორ ბიწაძის საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნებას, ექსპერტი ბურჯანაძის დაკავებას არ ვარაუდობს და არც მის მიერ სახელმწიფო გადატრიალების გეგმის მომზადების სჯერა.
„არამგონია, ბურჯანაძის დაკავება მოხდეს. ალბათ, ეს მისი პოლიტიკური ავტორიტეტის ზრდას შეუწყობს ხელს, რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს. რაც შეეხება უშუალოდ სახელმწიფო გადატრიალების გეგმას, შეიძლება რაიმე ტიპის საუბარი ბურჯანაძესა და მის შვილს შორის მართლაც არსებობდა, მაგრამ თავად ღონისძიებას არაფერი ეტყობოდა, რომ ვინმე იქ რამის გადამტრიალებელი ყოფილიყო", - განმარტა ექსპერტმა.