პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი პარლამენტთან მომიტინგეთა აქციის დარბევას „სისხლიან კარნავალს" უწოდებს.
„ჩვენ მოწმენი გავხდით სისხლიანი კარნავალისა, რომელიც დადგმული და შესრულებული იყო დღევანდელი ხელისუფლების მიერ. ეს მეტყველებს მის პოლიტიკურ გემოვნებასა და ზნეობის სტანდარტებზე", - განუცხადა ცისკარიშვილმა „ჯი-ეიჩ-ენს".
მისივე განმარტებით, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ მომიტინგეთა მხრიდან რაიმე სახის პროვოცირებაზე, „აღლუმის ჩატარების მიზეზი არ იყო აღნიშნული ოპერაციის ადეკვატური".
„ეს იყო პოლიტიკური შურისძიება და საკმაოდ კაცთმოძულე ფორმებით. ეს რომ არა, ხელისუფლება ვერ მიიღებდა იმ ვამპირულ სიამოვნებას, რომელიც დღავანდელი აღლუმის დროს სახეზე ჰქონდა აღბეჭდილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს", - განმარტა პოლიტოლოგმა.
შეგახსენებთ, რომ წუხელ, ღამის 00:30 საათზე, სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა „სახალხო კრების" ორგანიზებით, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაა დაშალეს, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.