თავდაცვის ყოფილი მინისტრი, „ქართული პარტიის" ლიდერი, საფრანგეთში მცხოვრები ირაკლი ოქრუაშვილი საზოგადოებას მორიგ მიმართვას უგზავნის.
მიმართვაში ოქრუაშვილი აცხადებს, რომ მას საქართველოში ჩამოსვლაში ხელი ორჯერ შეუშალეს.
"ძალიან მიმძიმს ახლა საუბარი. დანა რომ დამარტყათ, სისხლი არ გამომივა. უკვე მეორედ ხდება ერთი და იგივე, როდესაც ხელი შემიშალეს საქართველოში დაბრუნებაში. ეს ერთხელ 2009 წლის მაისში მოხდა, როდესაც საქართველოს საზღვართან ვიმყოფებოდი და ე. წ გაერთიანებულმა ოპოზიციამ უარყოფითად შეაფასა ჩემი საქართველოში დაბრუნება", - აცხადებს ოქრუაშვილი.
"ხელისუფლების რიტორიკა, რითაც ხალხს აშინებს, თითქოსდა ცხინვალის გავლით, რუსული ტანკებით უნდა დავბრუნებულიყავი და პუტჩი მომეწყო, მყისვე აიტაცა ზოგიერთმა ოპოზიციონერმა ლიდერმა, რის გამოც ოპოზიციის გაერთიანება ჩაიშალა და იმედი მაქვს, ხალხი შესაბამის დასკვნებს გააკეთებს. მათი სურვილია, ეს საქმე ჩემი ხელით გაკეთდეს და ხელი მე შემაწმინდონ, თანაც თვითონ სუფთა გამოვიდნენ ამ საქმიდან. ამის შემდეგ უშუალოდ მივიღებ გადაწყვეტილებებს, სხვების აზრის გათვალისწინების გარეშე", - აცხადებს ოქრუაშვილი.
მისი შეფასებით, "იმას, რაც დღეს ხდება, ერთი სიტყვა შეესაბამება - ღალატი, ხალხის ღალატი".
"მათ სინდისზე იყოს იმ ადამიანების ბედი , რომლებსაც მათი საქციელის გამო ხელისუფლება გააუბედურებს. მათთვის პოლიტიკა არის ბიზნესი და მეტი არაფერი. მე ამ საქმეს ბოლომდე მაინც მივიყვან და თუ ამას ვერ გავაკეთებ, სამუდამოდ წავალ პოლიტიკიდან. ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც ჩათვალა, რომ გული ვატკინე. არაფერი არ დამთავრებულა, ყველაფერი წინაა", - ამტკიცებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.