თბილისის გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური რუსული დრამატული თეატრის ინიციატივით, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და "თიბისი ბანკისა" და აზერბაიჯანული ბანკის "ფაშა ბანკი" დაფინანსებით, 20-წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს საგასტროლოდ ეწვია აზერბაიჯანის სახელმწიფო რუსული თეატრი.
25 და 26 მაისს, 19:00 საათზე, გრიბოედოევის თეატრის მცირე დარბაზში, თეატრის დასი ქართველ მაყურებელს წარმოუდგენს სარეპერტუარო სპექტაკლს - "მინდა ვიყიდო ქმარი" (მიხაილ ზადორნოვის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით). სპექტაკლის რეჟისორია აზერბაიჯანის სახალხო არტისტი, დიდების ორდენის კავალერი ალექსანდრე შაროვსკი.
25 მაისს სპექტაკლს დაესწრებიან საქართველოს კულტურის მინისტრი, ნიკოლოზ რურუა და თიბისი ბანკისა და ფაშა ბანკის მენეჯმენტის წევრები.
ბაქოს თეატრის გასტროლები მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულტურული ურთიერთობის აღდგენის თვალსაზრისით. მას წინ უძღოდა თბილისის სახელმწიფო აკადემიური რუსული დრამატული თეატრის წარმატებული გასტროლები აზერბაიჯანში.
2010 წლის 28 თებერვლიდან 4 მარტის ჩათვლით ბაქოს თეატრის სცენაზე ქართველი მსახიობების მიერ წარმოდგენილი იქნა სპექტაკლი "ემიგრანტები", რომელიც რეჟისორმა - ირაკლი აფაქიძემ სლავომირ მროჟეკის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით დადგა.
ბაქოს თეატრის ხელმძღვანელობამ აფაქიძეს შესთავაზა ბაქოს თეატრის სცენაზე ყურბან საიდის ცნობილი რომანის "ალი და ნინოს" ინსცენირების დადგმა. ამ იდეას მხარს უჭერს როგორც აზერბაიჯანის, ასევე საქართველოს კულტურის სამინისტროები და პირადად ორივე ქვეყნის კულტურის მინისტრი. პროექტის განხორციელება 2012 წლის სეზონისთვის არის დაგეგმილი.