საერთაშორისო საკითხებში ექსპერტი კახა გოგოლაშვილი არ გამორიცხავს, რომ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების გამო საქართველოს პარლამენტს მათი გენოციდის აღიარების თხოვნით სომხეთმაც მიმართოს.
„მგონია, რომ სრულიად შესაძლებელია სომხეთმა ეს მოითხოვოს. თუ პარლამენტში აღმოჩნდება ასეთი საინიციატივო ჯგუფი, ამ შემთხვევაში პარლამენტს, ალბათ, მოუწევს გარკვეული დებატები გამართოს, თუმცა, ალბათ, ასეთი საინიციატივო ჯგუფი არ აღმოჩნდება და საკითხი „ჩამოეკიდება". ამის მიზეზი კი ის იქნება, რომ არსებობს საკითხები, რომელთა განხილვაც პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე არ ღირს და სომეხთა გენოციდიც მათ შორისაა", - განუცხადა კახა გოგოლაშვილმა „ჯი-ეიჩ-ენს".
მისივე განმარტებით, ამ საკითხზე საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში დებატების წამოწყება ქართულ მხარეს აზერბაიჯანთან და თურქეთთან არსებული დამოკიდებულების, ასევე რუსეთთან გამწვავებული ურთიერთობების გათვალისწინებით არ უნდა აწყობდეს.
რაც შეეხება ჩერქეზთა გენოციდის აღიარების საკითხს, საერთაშორისო საკითხებში ექსპერტი მას გამართლებულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ იმ პირობებში, როცა რუსეთს ჩვენი ტერიტორიების დიდი ნაწილი ოკუპირებული აქვს, ამ საკითხზე ჩვენი პოზიციის ღიად დაფიქსირებას, გარკვეული პოლიტიკური მიზანი ჰქონდა.
„პოლიტიკურმა მიზეზებმა მისცა გარკვეული ბიძგი პარლამენტში ჩერქეზთა გენოციდის საკითხის დასმას", - განმარტა ექსპერტმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ ჩერქეზთა გენოციდის შესახებ რეზოლუცია გასულ კვირას მიიღო. იმ პერიოდში, როცა საქართველოს პარლამენტმა ამ საკითხზე მუშაობა დაიწყო, სომხურ მედიაში გაჩნდა მოსაზრებები, რომ შესაძლოა იგივე თხოვნით საკანონმდებლო ორგანოსთვის ოფიციალურ ერევანსაც მიემართა.