ხვალ, 24 მაისს, ამერიკელ მუსიკოსს, ბობ დილანს, 70 წელი უსრულდება. ლირიკოსი, მუსიკოსი (ვოკალი, გიტარა, ჰარმონიკა, ფორტეპიანო) მომღერალი, კომპოზიტორი, პოეტი და წიგნის ავტორი ბობ დილანი, რომლის ნამდვილი სახელია რობერტ ალენ ციმერმანი, 1941 წლის 24 მაისს აშშ-ში, დულუთაში დაიბადა.
ბობ დილანი რუსეთიდან ევროპაში წასული ემიგრანტების შვილიშვილია. მისი მამა, აბე, მუშაობდა კომპანია სტანდარტ "Oil"-ში. 1947 წელს ბობის ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა პატარა ქალაქ ჰიბინგში.
10 წლის ასაკში დაიწყო ლექსების წერა, გიტარაზე და ფორტეპიანოზე დაკვრა. მასზე გავლენა მოახდინა ელვის პრესლიმ, ჯერი ლი ლიუისმა და ადრეული როკენროლის სხვა ვარსკვლავებმა, რის შედეგადაც, რობერტმა დაიწყო თავისი პირველი სამოყვარულო ჯგუფების შექმნა. მისი სკოლის 1959 წლის წიგნში, გრაფაში "თქვენი მიზანი" რობერტმა ჩაწერა: "Littel Richard-თან ერთად დაკვრა".
1963 წელს გამოშვებულ "The Freewheelin"-ში უკვე იყო 2 სიმღერა, რომელმაც მყარად დაიკავა ადგილი 60-იანი წლების ბევრი ფოლკ-შემსრულებლის რეპერტუარში ("Blowin' In The Wind" და "A Hard Rain's A-Gonna Fall").
1965 წელს დილანი მუშაობდა სტუდიაში ჯგუფთან, რომელიც შედგებოდა 9 მუსიკოსისგან. ამ მუშაობის შედეგად გაჩნდა "Bringing It All Back Home", ასევე ალბომი "Blood On The Tracks", რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ღრმა, სერიოზულ და გულშიჩამწვდომ ნაშრომს თანამედროვე პოპულარული მუსიკის ისტორიაში.
მას შემდეგ, რაც დილანმა მიიღო ქრისტიანობა, მან გამოუშვა ალბომი "Slow Train Coming", რომელიც კრიტიკოსებისთვის მოულოდნელად კომერციულად წარმატებული აღმოჩნდა და მესამე ადგილამდე აიწია. ბოლო ათწლეულის სტუდიურ ნაშრომებს შორის ხანდახან გაიელვებს გენიალურობის გამონასხივები, მაგრამ ბობ დილანის საუკეთესო ალბომებთან თანაბარ დონეზე დგომის პრეტენდენტად მხოლოდ "Oh Mercy" შეიძლება ჩაითვალოს.
1997 წლის დასაწყისში მუსიკოსმა ჯიმ დიკინსონმა განაცხადა, რომ მოისმინა ბობის რამდენიმე ახალი ჩანაწერი, რომელიც მან შექმნა მაშინ, როდესაც ძლიერი დიდთოვლობის გამო იძულებით იყო გამოკეტილი თავის სახლში მინესოტაში. დიკინსონის თქმით, ერთ-ერთი კომპოზიცია, რომლის ხანგრძლივობაც 17 წუთია, იმდენად კარგია, რომ "მისთვის წარმოუდგენელია, რომ იგი მალე ჰიტი არ გახდეს". ჩვიდმეტწუთიანი თემა მალე მართლაც გადაიქცა "Highlands"-ად, ერთ-ერთ სიმღერად სექტემბერში გამოშვებული ალბომიდან "Time Out Of Mind", რომელიც გახდა კრიტიკოსების მიერ ნაქები და დილანისთვის ბოლო ათწლეულის პირველი ოქროს ალბომი.
2000 წლის სექტემბერში რომის პაპის, იოანე პავლე II თხოვნით, მუსიკოსმა კონცერტი გამართა რომში. დეკემბერში კი დილანი გახდა ერთ-ერთი იმ 5 ადამიანიდან, რომელთაც წილად ხვდათ ყველაზე გამორჩეული ჯილდო კენედის ცენტრის ჯილდო, რომელსაც ამერიკაში ანიჭებენ საუკეთესო საშემსრულებლო საქმიანობისთვის.