რადიკალიზმის საშიშროება ყველაზე მეტად იმ დროს იფეთქებს, როდესაც ხედავენ, რომ მშვიდობიანი აქციებით არაფერი გამოსდით.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა "სახალხო კრების" საპროტესტო აქციების შეფასებისას განაცხადა.
"ჯერ თავიდან არ შედგა "ქართული პარტიის" აქციები, შემდგ უკვე "სახალხო კრების" აქციებიც და რაც მოხდა ამ ორი დღის განმავლობაში არის ნამდვილი ფიასკო პრორუსული სექტორის საქართველოში. ყველასთვის ცხადი გახა, რომ ეს არ არის მხარდაჭერილი ქართველი ხალხის მიერ. ახლა ეს ორი სხვადასხვა დროს დამარცხებული ძალა ცდილობს რაღაცნაირად შეაკოწიწოს თავის ძალები შემდგომი აქციებისთვის", - აღნიშნა წიკლაურმა.
მისივე თქმით, ქართველი ხალხი ეძებს ხელისუფლებისთვის ცივილიზებულ ალტერნატივას და არა ისეთ ძალებს, რომელსაც ბურჯანაძე, ქართული პარტია და კრემლთან დაკავშირებული პოლიტიკოსები წარმოადგენენ.
"ერთის მხრივ ეს მცირე რიცხოვნობა ძალიან კარგია, მაგრამ მეორეს მხრივ რა თქმა უნდა იმალება საშიშროება. რადიკალიზმი ყველაზე მეტად ამ დროს იფეთქებს, როდესაც ისინი მშვიდობიანი გზით ვერ არწმუნებენ ხალხს , რჩებათ ერთადერთი გზა - აგრესიული ქმედებები და სხვადასხვა სახის პროვოკაციების მოწყობა, რომ საპროტესტო მუხტი გააჩინონ", - აღნიშნავს წიკლაური.