პოლიტოლოგ ზურაბ აბაშიძეს დედაქალაქში „სახალხო კრების" ორგანიზებით მიმდინარე აქციები ორი წლის წინანდელ მანიფესტაციებს ახსენებს და აცხადებს, რომ სცენარი „ერთი ერთზეა".
„პრინციპში, მოვლენების განვითარების დაახლოებით ასეთი წარმოდგენა მქონდა. ჩემი დაკვირვებით, კრებას ამ ეტაპზე მოსახლების დიდი მხარდაჭერა ნამდვილად არ აქვს. მართალი გითხრათ, ლოზუნგებშიც კარგად ვერ გავერკვიე. გადადგომის ლოზუნგი გასაგებია, მაგრამ ხელისუფლების ცვლილება ბევრ შეკითხვას ბადებს, რაზეც პასუხები არ არსებობს... რაც შეეხება უშუალოდ მოქმედების სცენარს, ის ძალიან მეცნობა და ზუსტად ერთი ერთზე მეორდება, რაც ორი წლის წინ იყო", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს"აბაშიძემ.
მისივე განმარტებით, იქედან გამომდინარე, რომ კრებას საკმარისი მხარდაჭერა არ აქვს და ორივე დაპირისპირებული მხარის მიერ პროვოკაციებს აქვს ადგილი, სიტუაციის ესკალაციის საშიშროება არსებობს.
„საშიშროებას ვხედავ, რადგან შეიძლება იყოს და იყო კიდევ პროვოკაციები. ერთი მეორეს აბრალებს, მეორე პირველს, მაგრამ ესეც ძალიან მეცნობა და აქაც ზუსტად იგივე მეორდება. მე თავიდანვე ვამბობდი, რომ რევოლუციების გამოცხადება არ არის სწორი. რევოლუცია არ არის სპექტაკლი, არ არის ფეხბურთი, რომ ერთი თვით ადრე გამოაცხადო და თქვა, რომ ამა და ამ რიცხვში, ამ საათიდან ამ საათამდე შედგება რევოლუცია. საქართველოში ახლა არ არის რევოლუციური ვითარება და ეს პოლიტიკოსებმა უნდა გაითვალისწინონ. ვფიქრობ, მათ წლების გამოცდილების საფუძველზე რაღაც დასკვნა უნდა გამოეტანათ", - განმარტა პოლიტოლოგმა.
ამასთან, ზურაბ აბაშიძე მისი ხისტი პოლიტიკის გამო ხელისუფლებას აკრიტიკებს და მას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე მიმდინარე მოლაპარებების პროცესში კომპრომისზე წასვლას ურჩევს.
„ყველაზე მთავარია, რომ არ იყოს ძალადობა და თუ ერთი ადამიანის მოწოდება რამედ ღირს, ამისკენ მოვუწოდებდი, როგორც მანიფესტაციებში მონაწილეებს, ისე მას, ვინც ძალადობას ფლობს. სხვათაშორის, ხელისუფლების მისამართით მინდა ვთქვა ერთი კრიტიკული შენიშვნა - ის ძალიან უკომპრომისო და ხისტია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე მოლაპარაკებებში და არაფრის დათმობა სურს. ეს ხელს უწყობს ასეთ რადიკალურ განწყობებს და გამოსვლებს. მე ძალიან მაშფოთებს რადიკალური განცხადებები, რადგან შესაძლოა მანიფესტაციებში ექსტრემისტები ჩაერთონ, რაც ძალიან ცუდი იქნება, თუმცა ვფიქრობ, რომ ამას მხარს არავინ დაუჭერს", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ზურაბ აბაშიძემ.