"საპრეზიდენტო არჩევნები ჩვენთვის მნიშვნელოვანი პროცესია და ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ ისინი გახდეს მაგალითი მეზობელი სახელმწიფოებისთვის, ისეთებისთვის, სადაც დემოკრატიული არჩევნები _ იშვიათობაა", _ განაცხადა სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ დღეს სოხუმში გახსნილ ე. წ. საერთაშორისო პრესცენტრში მოწყობილ პრესკონფერენციაზე.
პრესკონფერენციაზე შამბამ უცხოელ ჟურნალისტებს 2004 წელს აფხაზეთში ჩატარებულ არჩევნებზე მოუთხრო.
"მაშინ მწვავე ბრძოლის შედეგად ხელისუფლების სათავეში მოვიდა ოპოზიცია. მსგავსი რამ აფხაზეთის ფარგლებს გარეთ არსად გვინახავს. იქ ხელისუფლება ხელიდან ხელში რევოლუციური გზით გადადის, ისე, როგორც ეს მოხდა მაგალითად საქართველოში, ან მემკვიდრეობით, ისე როგორც აზერბაიჯანში. აფხაზური საზოგადოება კი ისწრაფვის შექმნას დემოკრატიული სახელმწიფო ისე, როგორც ეს ჩვენს კონსტიტუციაში წერია", _ განაცხადა შამბამ და აღნიშნა, რომ აფხაზეთში ე. წ. საერთაშორისო პრესცენტრის გახსნა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ აფხაზეთში სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩასატარებლად ყველა საჭირო პირობაა შექმნილი.
შამბამ აღნიშნა დასავლური სახელმწიფოების ინტერესი აფხაზეთში დაგეგმილი არჩევნების მიმართ.
შამბამ აღნიშნა, რომ აფხაზეთში დაგეგმილ არჩევნებზე დიდი რაოდენობის დასავლელი ჟურნალისტია ჩასული, რომელთა შორის არიან ისეთებიც, რომლებიც პირდაპირ ლაპარაკობენ თავიანთი ვიზიტის მიზანზე: "ისინი ამბობენ, რომ მათი ვიზიტი არ არის დაკავშირებული არჩევნებთან, მაგრამ ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს საპრეზიდენტო არჩევნებზე მათი შეფარული დაკვირვებაა", _ აცხადებს შამბა.