აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტროს პირადი შემადგენლობა აფხაზეთში დაგეგმილ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. ეს განცხადება დღეს აფხაზეთის ე. წ. შს მინისტრმა ოთარ ხეციამ გაკეთა.
მისი თქმით, შს სამინისტრო ატარებს მართლწესრიგის დაცვისთვის მოსამზადებელ სამუშაოს, როგორც არჩევნების დღეს, ისე წინა დღეებთან დაკავშირებითაც.
ხეცია აღნიშნავს, რომ 11 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან ყველა საარჩევნო უბანი დაცვის ქვეშ გადავა, ხოლო არჩევნების დღეს, 12 დეკემბერს, ყველა საარჩევნო უბანზე 3-იდან 5-მდე მილიციის თანამშრომელი იქნება, ზოგ უბანზე მილიციის თანამშრომლებთა რაოდენობა 7-ს მიაღწევს.
"ისინი საარჩევბო უბნებზე მართლწესრიგის დაცვას დააკვირდებიან. ამას გარდა, მართლწესრიგს დაიცავს პარტულის 26 ავტომანქანა. სულ ამ ღონისძიებებში მილიციის 700 თანამშრომელი და 26 ავტოპატრული იქნება ჩართული", _ განაცხადა ხეციამ.
მისი თქმით, მის სამინისტროში არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "გაურკვეველი პირები დადიან რაიონებსა და სოფლებში და ხალხს ემუქრებიან. ისინი მოითხოვენ, რომ მოსახლეობამ ამა თუ იმ კანდიდატს მისცეს ხმა".
ხეციამ მოსახლეობას ამგვარ შემთხვევაში სამართალდამცავებისათვის დაუყოვნებლივი შეტყობინების გაგზავნა სთხოვა და დასძინა, რომ "აფხაზეთის შს სამინისტრო სიტუაციის ნებისიერი განვითარებისთვის მზადაა".
თუმცა, ამავე დროს, ხეცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "შესაძლო დესტაბილიზაციის შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა პრეზიდებტობის კანდიდატებსა და მათ საარჩევნო შტაბებს დაეკისრება".