სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას 131 000-მდე ამომრჩეველი მიიღებს. აფხაზეთში ორგანიზებულია 35 ოლქი და 174 საარჩევნო უბანი. განცხადება დღეს ამის შესახებ სეპარატისტულ აფხაზეთში გახსნილ ე. წ. საერთაშორისო პრესცენტრში მოწყობილ პრესკონფერენციაზე აფხაზეთის ე. წ. ცესკოს თავმჯდომარემ ბათალ ტაბაღუამ გააკეთა.
მისი თქმით, კოდორის ხეობაში უახლოესი საარჩევნო უბანი გულრიფშის რაიონის სოფელ ლათაშია გახსნილი. ხოლო სოხუმის მაღალმთიან სოფელში ფსხუში საარჩევნო ბიულეტენებს საჰაერო ტრანსპორტით 11 დეკემბერს გადაიტანენ. ამ სოფელში ხმის უფლება 100 ადამიანს აქვს.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, პრესკონფერენციაზე აფხაზური ე. წ. ცესკოს ხელმძღვანელმა ადგილობრივ და უცხოელ ჟურნალისტებს ინფორმაცია გააცნო პრეზიდენტობის კანდიდატებზე და ბიულეტენის ფორმებზე.
რაც შეეხება სეპარატისტული აფხაზეთის ფარგლებს გარეთ (მოსკოვსა და ჩერკესკში) გახსნილ ორ საარჩევნო ოლქს, იქ გაგზავნილია 7 ათასი ბიულეტენი _ 4 000 მოსკოვში და 3 000 ჩერკესკში.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნები 12 დეკემბერს გაიმართება.