საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი „სახალხო კრების" მიერ გახმოვანებული გეგმის პირველ ნაწილში „სიახლეს" ვერ ხედავს და აცხადებს, რომ ოპოზიცია „ისევ იგივე წრეზე ტრიალებს".
„გეგმის დეტალები არ ვიცი და გულახდილად რომ გითხრათ, არც მაინტერესებს. ეს არც ისტორიისთვის არის საინტერესო და არც პოლიტიკისთვის. იმ ადამიანებს, რომლებიც ამას ხელმძღვანელობენ, თავისივე პროფესიაში ცოტა რომ წაეკითხათ, უნდა იცოდნენ, რომ ერთ მდინაში ორჯერ არ შედიან. აქ კი ორჯერ კი არა ათჯერ შედიან ერთი და იგივე მდინარეში. ისინი აცდენილნი არიან ეპოქას, რეალობას და ტრიალებენ ერთ წრეზე. თავისუფალი ქვეყანაა და კი ბატონო, იტრიალონ", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" დარჩიაშვილმა.
მისივე აზრით, ოპოზიციას ხელისუფლების შეცვლის არანაირი შანსი არ აქვს.
„გულახდილად რომ გითხრათ, ხელისუფლების ამ გზით შეცვლის აბსოლუტურად არანაირი შანსი არ არსებობს. თუ პროვოკაციებს ექნება ადგილი, ეს იქნება ძალიან სავალალო სიახლე მათთვის. ამის კეთება არ შეიძლება, ამის კეთების საწინააღმდეგო ქმედების მექანიზმები ქვეყანას გააჩნია. ყველამ უნდა იცოდეს, რომ როცა კანონს არღვევ, დაგსჯიან", - განმარტა დარჩიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „სახალხო კრებამ" სამოქმედო გეგმის პირველი ნაწილი გაახმოვანა. ლიდერების გადაწყვეტილებით, „თავისუფლების მოედანზე" მიმდინარე აქციიდან საპროტესტო მსვლელობა საზოგადოებრივი მაუწყებლისკენ დაიძრა. გეგმის შემდეგი ეტაპის შესახებ, კრების ლიდერები, სავარაუდოდ, განცხადებას უკვე საზოგადოებრივ მაუწყებელთან გააკეთებენ.