"საქართველოში დღეს როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან არასახელმწიფოევრივად მოაზროვნე ძალები მოქმედებენ, რომელთადმი ჩემი დამოკიდებულება მკვეთრად უარყოფითია", - აცხადებს ეროვნული მოძრაობის წევრი თამარ ჩხეიძე სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საქართველოში ამჟამად შექმნილი სიტუაციის კომენტირებისას.
"სამწუხაროდ, გამორიცხული არაფერია, მიუხედავად ჩემი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულებისა იმასთან, რაც დღეს საქართველოში ხდება, ასევე მკვეთრად უარყოფითია ჩემი პოზიცია არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე ძალების მიმართ", _ აცხადებს ჩხეიძე და აღნიშნავს, რომ საქართველოში დღეს როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან მოქმედი ძალები რუსული იმპერიალიზმის ენით საუბრობენ.
"ეს არ არიან სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ძალები, ორივე მხარეს ვგულისხობ, ორივე იმეორებს რუსული იმპერიალიზმის პოზიციას, რომელი მიმართულია საქართველოს, მისი სახელმწიფოებრიობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ", _ აცხადებს ჩხეიძე და აღნიშნავს, რომ დროა, საქართველოში დასრულდეს ხელისუფლების ანომალიური გზით შეცვლის მაგალითები.
"ძალიან უარყოფითად ვუყურებ არათუ უკანონოდ, არამედ კანონიერადაც ხელისუფლების ცვლის ისეთ გზას, რა გზაზედაც დღეს არის საუბარი. ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს ხელისუფლების ცვლილების ანომალიური გზა გარეშე ძალების ჩარევით", _აცხადებს იგი და აღნიშნავს, რომ მოვლენების განვითარებას გარკვეული შიშით ელოდება.
"გარკვეული შიშით ველოდები მოვლენების განვითარებას, ვინაიდან ჩვენს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის, სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის, არეულობების შედეგები შესაძლოა დამანგრეველი აღმოჩნდეს.
სამწუხაროდ, არც ერთი მხარე სანდო არ არის, ერთ-ერთი მათგანისადმი რომ იყოს ნდობა, შესაძლოა, ყველაფერი სხვანაირად განვითარდეს, მაგრამ ამჟამად არ არის არავითარი გარანტია, რომ ორივე მხარეს ერთი და იგივე ძალა არ მართავს, რომელსაც საქართველოში სისხლის დაღვრის დიდი სურვილი აქვს და, ვშიშობ, ამისთვის ხალხი არ გამოიყენონ", _ აცხადებს ჩხეიძე.