უნაყოფო და უაზრო სისხლისღვრით დასრულდება ეს ყველაფერი, სააკაშვილი კი თავის სკამზე დარჩება, ვიდრე დასავლეთი მის შემცვლელს არ მოძებნის. თუმცა აქ განვითარებული მოვლენები მის პოზიციას ძალიან შეარყევს - აცხადებს სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში "სახალხო ფრონტის" ლიდერი ნოდარ ნათაძე საქართველოში შექმნილი მდგომარეობის კომენტირებისას.
"უაზრო სისხლისღვრით დასრულდება ეს ყველაფერი, სააკაშვილი კი თავის სკამზე დარჩება, თუმცა არა იმიტომ, რომ დასავლეთს იგი ძალიან უყვარს, იგი უკვე ჩამოწერილია, უბრალოდ, მისი შემცვლელი ვერ მოძებნეს ჯერ", _ აცხადებს ნათაძე და საუბარს მოვლენების შესაძლო განვითარების სცენარზე აგრძელებს.
ნათაძე მიიჩნევს, რომ ის, რაც დღეს საქარველოში ხდება, არის პუტინ-სააკაშვილ-ბურჯანაძის შეთქმულება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ.
"საქართველოში მოვლენების შემდგომი განვითარების სცენარი თითქმის ხელისგულზე დევს - ბურჯანაძე და ოქრუაშვილი რუსეთის დავალებას და გეგმას ასრულებენ, რომელიც რამდენიმე ნაბიჯისაგან შედგება - პირველი დავალება ასეთია - ატეხეთ სროლა საქართველოს ქუჩებში", _ აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენტან საუბარში" ნათაძე და დასძენს, რომ მეორე ნაბიჯს შექმნილ სიტუაციაში უკვე სახალხო კრება გადადგამს.
"რაც შეეხება სახალხო კრებას, ის წარმომადგენლობითი არ არის, რადგანაც არავის აურჩევია. რუსეთის გეგმის მეორე ნაბიჯი არის ის, რომ იარაღის გავარდნის შემთხვევაში სახალხო კრებამ უნდა თქვას - მოდით და გაგვაშველეთო", _ აცხადებს ნათაძე.
მისი თქმით, ამ დროს "რუსები დაიწყებენ ფაფხურს, დაგვიბომბავენ სოფლებს, მოგვიწყობენ ტერაქტს, მაგრამ საქართველოში ვერ შემოვლენ. ეს გეგმის მესამე ნაწილია", _ აცხადებს ნათაძე და რუსულ გეგმაში მეოთხე ნაბიჯად საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას ასახელებს.
"გეგმის მიხედვით, მეოთხე ნაბიჯი იქნება ის, რომ გამოვა სააკაშვილი და იტყვის - დებო და ძმებო, დედებო და მამებო, ვართ ჩიხში და გამოუვალ მდგომარეობაში, ამიტომაც მოგვიწევს დათანხმება აფხაზეთთან და ოსეთთან კონფედერაციაზე, ანუ საქართველოს დაშლაზე", _ აცხადებს ნათაძე და აღნიშნავს, რომ პუტინი სააკაშვილს არაფერს ეკითხება მას უბრალოდ მისი კაპიტულაციის ხილვა სურს.
"დასავლეთი კი, რომლის შეცდომაც არის ის, რომ იგი ყოველთვის არჩევანს არაპატიოსან და არაპატრიოტ ადამიანებზე აკეთებს, მიხვდება თავის შეცდომას და თანამშრომლობას ამ ქვეყნის პატრიოტებთან დაიწყებს", _ აცხადებს ნათაძე.