ოქრუაშვილს ქართული ჯარისთვის მიმართვის უფლება არა აქვს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვისა და უშიშროების საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ ოქრუაშვილის მიერ ქართული ჯარის მოწოდების შეფასებისას აღნიშნა.
"ეს არ არის ის ადამიანი, ვისაც უფლება აქვს, ქართულ ჯარს მიმართოს. ის იდგა ამ ჯარის სათავეშიც, იყო საქართველოშიც და თუ გვერდზე დგომა უნდოდა, არ უნდა მოეკურცხლა აქედან. თუ მოკურცხვლის შემდეგ ასე მიმართავს ჯარს, ვფიქრობ, ეს შეურაცხმყოფელი იქნება თითოეული ქართველი ჯარისკაცისთვის", - განაცხადა თარგამაძემ.
მისი თქმით, ოპოზიციის მოწოდება ქართულ ჯარს უკვე შესრულებული აქვს და ის დღეს სწორედ ხალხის გვედრდით დგას.
თარგამაძის შეფასებით, ხელისუფლება არ განიხილავს რევოლუციურ სცენარებს და თუ ოპოზიცია განიხილავს, მაშინ მათ ზღაპრების ქვეყანაში უცხოვრიათ.
"იცხოვრონ, არ გვაქვს პრეტენზია. განიხილონ როგორიც უნდათ, ისეთი სცენარები. ჩვენ ვართ რეალური საქმით დაკავებულები და არ გვაწუხებს ეს მათ აქტივობა. თუ აქციები იქნება კანონის ფარგლებში, დაიწყონ და რამდენ ხანსაც უნდათ, იყვნენ", - აღნიშნა უმრავლესობის წევრმა.
თარგამაძე განმარტავს, რომ თუ მოხდება კანონის დარღვევა, როგორიც ამ დღეებში დაფიქსირდა, ისევე წყნარად და მშვიდად მოხერხდება აღმოფხვრა, როგორც აქამდე ხდებოდა.