თავდაცვისა და უშიშროების საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გივი თარგამაძის შეფასებით, რუსეთის დავალებებს ერთმანეთზე უფრო იდიოტი ხალხი ასრულებს. ამის შესახებ თარგამაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციის მიერ დაანონსებული რევოლუციების შეფასებისას განუცხადა.
"ამ ბოლო წლების განმავლობაში, რომ გავიხსენოთ ვინ ასრულებდა რუსეთის დავალებას, ერთმანეთზე უფრო იდიოტი ხალხია, რადგან ვერავის პოულობენ სხვას, ვინც ამას შეასრულებს და ეს კარგია. ე. ი. კარგი ქვეყანა ვართ და კარგი ხალხი გვყავს", - აღნიშნა თარგამაძემ.
მისი თქმით, რუსების მიერ გაგზავნილი "ბომბიანი კაცებიც" ჩვეულებრივი "ბომჟები" არიან, რადგან მსგავსი საქმისთვის სხვას ვერავის გზავნიან.
"ყველას უკვირს, რუსები ასეთ ტიპებს რატომ ირჩევენ, რომელთაც პერსპექტივა არ აქვთ. პასუხია სხვა არა არის და სულ ესაა", - აღნიშნა მან.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის განაცხადებით, ოპოზიციის მხრიდან მოწოდების გამო არავის დასჯა არ მოხდება, თუ კონკრეტულ ქმედებებზე არ გადავლენ.
"ამ თვალსაზრისით არ გვაქვს ბარბაროსული კანონმდებლობა. მოწოდებების გამო ხალხს არ ვსჯით, კონკრეტული მოქმედების გამო - კი", - აღნიშნა თარგამაძე.