ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკურ გეგმებს რუსეთი აფინანსებს. ამ განცხადებას დღეს რუსული ოპოზიციის წარმომადგენლები აკეთებენ. მოძრაობა "სოლიდარობის" ერთ -ერთი ლიდერი ლოლიტა წარია აცხადებს, რომ ოქრუაშვილი საეჭვო დაფინასებაზე რადიკალურად შეცვლილი პოლიტიკური სიმპათიებიც მეტყველებს.
"ეს ხომ არ არის ნამდვილი ოპოზიცია, ეს არის ძალა, რომელიც მხოლოდ ხელისუფლებისკენ მიისწრაფვის და მიზნის მისაღწევად მტერთანაც კი თანამშრომლობს", _ აცხადებს წარია.
რუსული ოპოზიციური გაერთიანება "სოლიდარობის" ერთ-ერთი ლიდერი ოქრუაშვილის პოლიტიკურ წარსულსაც იხსენებს და სვამს კითხვას - რის ფასად შეიცვალა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა პოლიტიკური ხედვა?
"საქართველოში ოპოზიცია ხომ ნამდვილი ოპოზიცია არ არის, ეს მხოლოდ ხალხია, რომლებიც ხელისუფლებისკენ მიილტვიან, რადგანაც ეს არიან ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ ფასად მზად არიან საკუთარი სახელმწიფოს, მისი უსაფრთხოების წინააღმდეგ გამოვიდნენ და ღიად უჭერენ მხარს მის მტერს. ეს იგივეა, როცა საბჭოთა კავშირი ჰიტლერის გერმანიას ებრძოდა, მაშინ ვინმე ფიურერს წყნარად რომ სწვეოდა სტუმრად, მისალმებოდა და ხელი ჩამოერთმია", - განაცხადა მან.
მისი განცხადებით, ოქრუაშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ ის პრორუსული ხდება, კიდევ ერთხელ აჩენს ეჭვს, რომ ის რუსეთიდან ფინანსდება.
"კარგად გვახსოვს, როცა ის ხელისუფლებაში იყო, ამბობდა - ჩათვალეთ, რომ ჩრდილოეთში მხოლოდ ზღვა არისო. ის, ფაქტობრივად, არ აღიარებდა რუსეთს. მისი რიტორიკა ძალიან ხისტი იყო რუსეთთან მიმართებაში და ის უცებ შეიცვალა, ანუ რუსეთი, რომელმაც საქართველოს წინაშე ამხელა დანაშაული ჩაიდინა, ოქრუაშვილმა უცებ დაასკვნა, რომ ის არც ისე დიდი ბოროტებაა", _ აცხადებს წარია.