"აზვირთდება თუ არა პროტესტი საქართველოში, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, რას ვიხილავთ 21 მაისს ეკრანზე", - განუცხადა პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს", "სახალხო კრების" ორგანიზებით დაგეგმილ საპროტესტო აქციებზე კომენტირებისას, რომელიც 21 მაისიდან, საქართველოს ორ დიდ ქალაქში - თბილისსა და ბათუმში დაიწყება.
პოლიტოლოგის შეფასებით, ქვეყანაში საპროტესტო მუხტი მაღალია, მაგრამ მაღალია ხელისუფლების მიერ ამ მუხტის ჩახშობის სურვილიც.
"ჩემი მოლოდინი გახლავთ ფიქრი იმ დროზე, როცა აღარ იქნება მოლოდინები. როცა გვექნება რეალობა, რომელიც უკეთ იქნება მორგებული ქვეყნის ინტერესებსა და ქვეყნის პერსპექტივებზე. დღეს, როცა მწირია ინფორმაცია, რა ტაქტიკით და რესურსით აპირებს მოქმედებას ოპოზიცია, რთულია პროგნოზების გაკეთება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხელისუფლების არსენალშია ყველა კანონიერი თუ უკანონო საშუალება და ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ამ არაკანონიერი რესურსის გამოყენების მცდლეობა იქნება. ამის გამოცდილება აქვს თავად ხელისუფლებასაც და საზოგადოებასაც", - განმარტა ცისკარიშვილმა.
მისი თქმით, "ნებისმიერ შემთხვევაში, საზოგადოებრივი პროტესტის გამოხატვის ხვალინდელი ფაქტი იქნება მრავლისმთქმელი, არა მხოლოდ მოსახლეობისთვის, არამედ საქართველოს მტერ-მოყვარისთვის".
"პროტესტი აზვირთდება თუ ჩაქრება, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, რას ვიხილავთ ეკრანზე და რამდენად ადეკვატური იქნება საერთშორისო თანამეგობრობის შეფასება", - აღნიშნა პოლიტოლოგმა.