უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი ჯარისკაცებისადმი ირაკლი ოქრუაშვილის მიმართვას ხელისუფლების აჯანყების გზით დამხობისკენ მოწოდებად არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ საქართველოს კონსტიტუცია ქვეყნის შიდაკრიზისულ სიტუაციაში შეიარაღებული ძალების გამოყენებას საერთოდ კრძალავს.
„ჩვენი კონსტიტუციით, დაუშვებელია შეიარაღებული ძალების გამოყენება შიდაკრიზისულ სიტუაციაში. შეიარაღებული ძალების ფუნქციაა დაიცვას ქვეყანა გარე აგრესიისგან. კონსტიტუციით, ქვეყნის შიგნით არეულობისას შეიარაღებული ძალების გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაშია დაშვებული, თუკი მეორე მხარეს გააჩნია ის ძალა, რომელსაც ვერ ძლევს პოლიციური ძალები, მაგალითად, აჯანყებულებს ეყოლებათ ტანკი. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება ჩაერთოს სიტუაციის განმუხტვაში სამხედროები, რადგან შსს-ს არ აქვს იმის ძალა, რომ გაუმკლავდეს მძიმე ტექნიკას. ზოგადად, შეიარაღებული ძალების მიტინგების დასაშლელად, ან შიდაკრიზისული სიტუაციის მოსაგვარებლად გამოყენება, დაუშვებელია, რადგან სამხედრო მოსამსახურეებმა არ იციან, როგორ უნდა იმოქმედონ. მათ არ აქვთ ინსტრუქტაჟი, როგორ მოიქცნენ მიტინგების დაშლისას, მშვიდობიანი მოქალაქეების შესაკავებლად ან ამ ტიპის არეულობის ნეიტრალიზაციისთვის. ასე რომ, ოქრუაშვილის განცხადება, უფრო მეტად აპელირებული იყო ჯარისკაცებისადმი იმის მოწოდებაზე, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა ისინი ხალხის წინააღმდეგ გამოიყენოს და მათ ეს არ გააკეთონ. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ამ მიმართვაში საუბარია უკანონო ბრძანების არშესრულებაზე", - განუცხადა ირაკლი სესიაშვილმა „ჯი-ეიჩ-ენს".
რაც შეეხება ოქრუაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლას, რის თაობაზეც ის მიმართვაშიც საუბრობს, უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტის აზრით, იქედან გამომდინარე, რომ ოქრუაშვილი საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც პრინციპული ადამიანი, „ის გამკეთებელია იმის, რაზეც საუბრობს".
„მიმაჩნია, რომ ოქრუაშვილი გამკეთებელია იმის, რასაც ამბობს.მხედველობაში მაქვს მისი საქართველოში ჩამოსვლის საკითხი. საიდან? როგორ? რანაირად? ეს ალბათ თავად მოეხსენება, მაგრამ თავისთავად, მისი ჩამოსვლა კონკრეტულ გეგმას უნდა უკავშირდებოდეს, რაც ამ ეტაპზე ჩემთვის ბუნდოვანია, თუმცა მასში გარკვეულ რისკებს, რა თქმა უნდა, ვხედავ", - აღნიშნა ექსპერტმა.
გარდა ამისა, სესიაშვილის ყურადღებას მიმართვაში გამოყენებული სიტყვა „ბარიკადებიც" იწვევს და აცხადებს, რომ ის გარკვეულწილად შიშს ბადებს.
„ეს სიტყვა შესაძლოა ორი მნიშვნელობით იქნას გაგებული. პირველი: მასში ორი დაპირისპირებული მხარე იგულისხმებოდეს, რომელთა შორის ერთი ბარიკადსაა ამოფარებული და მეორე: ეს შეიძლება ნიშნავდეს იმასაც, რომ თუ ხელისუფლება არ დათმობს პოზიციებს, გარკვეულ ძალისმიერ დაპირისპირებას ექნება ადგილი, რაც რა თქმა უნდა, არავის სურს - არც ქვეყნის ინტერესებში შედის და არც ხელისუფლებას აწყობს, ამიტომაც მან უნდა ეძებოს კომპრომისი, წავიდეს მოლაპარაკებაზე, დიალოგზე", - აღნიშნა სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, საფრანგეთში პოლიტიკური დევნილის სტატით მცხოვრები „ქართული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ქართველ ჯარისკაცებს მიმართვას უგზავნის. "რამდენიმე დღეში ქართველი ხალხი ბარიკადებს მიღმა აღმოჩნდება სააკაშვილთან და მის ხელისუფლებასთან. ამ დროს მე, ჩემი ხალხის გვერდით ვიდგები და სხვაგვარად არც შეიძლება. ვიდგები ხალხთან , ფიზიკურად და სიცოცხლის რისკის ფასად,"_აღნიშნა ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ქართველი ოფიცრებისა და ჯარისკაცებისთვის გავრცელებულ სპეციალურ მიმართვაში.
ამასთან, ოქრუაშვილი შეახსენებს ჯარისკაცებს, რომ მას ყველაზე მეტად აქვს გათავისებული სამხედროების და, მთლიანად, ჯარის სატკივარი.
"ბედმა მარგუნა, რომ ორი წლის განმავლობაში თქვენს რიგებში ვყოფილიყავი, იქნებოდა ეს ყოველდღიური ცხოვრება, საველე პირობებში ყოფნა თუ საბრძოლო ოპერაციები. ორი წლის განმავლობაში ნათლად დავინახე, რომ ვერცერთი სხვა მოხელე, იქნება ეს პოლიციელი თუ მეციხოვნე, ტოლსაც ვერ გიდებთ წესიერებაში, ღირსებაში და ქვეყნის სიყვარულში. თუმცა შესაბამისი დაფასება ბოლო წლების განმავლობაში ნამდვილად არ გქონიათ. თქვენი ეშინოდა ორივე მთავარსარდალს შევარდნაძესაც და სააკაშვილსაც. ამ უკანასკნელს პათოლოგიური ზიზღიც კი გაუჩნდა ჯარისადმი 2008 წლის ომის შემდგომ და თავზე ჯალათი დაგასვათ ახალაიას სახით, იმ ერთადერთი მიზნით, რომ გაკონტროლონ, დაგთრგუნონ და აზრის გამოთქმა აგიკრძალონ იმ სიბინძურეზე, რაც დღეს ქვეყანაში ხდება",_ აცხადებს ოქრუაშვილი.
მისი თქმით, აშკარაა, რომ მთავარსარდალი ჯარისკაცებს ისევე ექცევა, როგორც დანარჩენ საქართველოს და პოლიციას. ამასთან, სპეცსამსახურებს მათ წინააღმდეგ ძალადობისათვის ისევე იყენებს, როგორც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.
"პოლიციის ის დაფასება,მატერიალური წახალისება და სხვა ტიპის ყურადღებაც საკმარისია იმის დასანახად, რომ თქვენ არ მიგიჩნევენ მათთან თანასწორად. თქვენი ეშინოდათ და თქვენი ეშინიათ. 2008 წლის ომის შემდეგ, სააკაშვილმა იმდენად შეგიძულათ,რომ მხოლოდ სამხედრო აღლუმებზე ჩასატარებლად გიყენებთ. ან ცოტა უფრო მეტი, სხვის ომში, ერაყსა თუ ავღანეთში როგორც ექსკურსიაზე ისე გგზავნიან გროშების და უდიდესი რისკის ფასად, იმისათვის, რომ დასავლეთში დემოკრატად წარმოჩინდეს. ამ უაზრობას კი ჩვენი მეგობრები, თქვენი თანამებრძოლები ეწირებიან",_ნათქვამია ოქრუაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ოქრუაშვილის თქმით, ქართველ სამხედროებს არ ენდობოდნენ არც ადრე და არც ახლა. ამის დასტურია, რომ საუკეთესო ოფიცრების დიდი ნაწილი არამხოლოდ პოლიტიკური თუ სხვა ნიშნით სამსახურიდან დაითხოვეს, არამედ ციხეში გამოკეტეს შეთითხნილი ბრალდებით, მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველო უყვარდათ და ეს ხმამაღლა თქვეს. ამის მაგალითად ოქრუაშვილს მამუკა გორგიაშვილის და ლევან ამირიძის ფაქტები მოჰყავს.
"სააკაშვილს არც დაუმალავს მისი დამოკიდებულება თქვენდამი, როდესაც ხმამაღლა განაცხადა: „ ჯარი რისი ჯარია თუ არ დაიხოცაო",_აღნიშნავს ოქრუაშვილი.
"ნაცვლად იმისა, რომ სააკაშვილს და სხვა მაღალჩინოსნებს გმირობის და თავგანწირვის მაგალითები ეჩვენებინათ, ტელეკამერების წინ გარბოდნენ. თავს გჭრიდნენ თქვენც და მთელ საქართველოსაც. მაშინ, როდესაც თქვენ საზარბაზნე ხორცი იყავით და იხოცებოდით, ხელისუფლება საკუთარ ოჯახებს საზღვარგარეთ ხიზნავდა და ქონების გატანით იყო დაკავებული. თქვენ დაგაბრალეს, რომ ომი წააგეთ. ომი, რომელიც მხოლოდ ერთმა ადამიანმა წააგო და მას მთავარსარდალი სააკაშვილი ჰქვია. იაკობ გოგებაშვილის „თავდადებული მღვდელი თევდორე " -ში, რიგითი მღვდელი სააკაშვილი თავგანწირვის მაგალითია მტერთან ბრძოლაში, ხოლო დღეს მთავარსარდალი სააკაშვილი სირცხვილის მაგალითად იქცა",_აცხადებს ყოფილი თავდაცვის მინისტრი.
მისი თქმით, ცოტა ხანში ქართული ჯარი ურთულესი არჩევანის წინაშე დადგება, სადაც იგი სიციცხლის რისკის ფასად საკუთარ ხალხთან დადგება.
ოქრუაშვილი იმედოვნებს, რომ ქართველი ჯარისკაცების არჩევანი ისტორიას შეცვლის, სირცხვილს ჩამოგვრეცხს, საქართველოს გადაარჩენს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ისინი ხალხთან დადგებიან, რაშიც მას ეჭვი არ ეპარება.