საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის გიორგი თარგამაძის შეფასებით, მიუღებელია არა მხოლოდ შეიარაღებული დაპირისპირების მცდელობა, არამედ მსგავსი მოწოდებებიც.
როგორც ჟურნალისტებს გიორგი თარგამაძემ განუცხადა, ნებისმიერი პოლიტიკური დაპირისპირება ბუნებრივი მოვლენაა დემოკრატიული საზოგადოებისთვის, მაგრამ პოლიტიკა მთავრდება იქ, სადაც შეიარაღებული ადამიანი გამოჰყავთ ბრძოლის ველზე.
"ეს ველი უკვე არა პოლიტიკური, არამედ მართლაც ბრძოლის ველად იქცევა. სამწუხაროდ, საქართველოს ისტორიაში გავაქვს არაერთი მაგალითი, როდესაც მსგავსმა უპასუხისმგებლო მოქმედებამ და პოლიტიკოსების მიერ პროვოცირებულმა სამხედრო დაპირისპირებამ ქვეყანას საბედისწერო, სავალალო შედეგები მოუტანა, რომელსაც დღესაც ვიმკით. ამიტომ, სრულიად მიუღებელია არათუ მცდელობა, არამედ მსგავსი მოწოდებებიც კი", - აღნიშნა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა.
მისივე შეფასებით, ადამიანები, რომლებიც ღირსეულად ატარებენ თავიანთი ქვეყნის დამცველის მუნდირს, მათ არანაირი დამატებითი ახსნა-განმარტება არ სჭირდებათ, რომ მათ იარაღი ხელში უჭირავთ საქართველოს მტერთან საბრძოლველად და არა საკუთარ მოქალაქეებთან დასაპირისპირებლად.
"ჩვენ მოვიწოდებთ, ყველა პოლიტიკოსს, საქართველოს ხელისუფლებას, რათა თავი შეიკავონ შეიარაღებული ნაწილების ნებისმიერი სახით პოლიტიკურ დაპირისპირებაში ჩართვისაგან", - აცხადებს თარგამაძე და აქვე აღნიშნავს, რომ კარგი იქნება, თუ დღის წესრიგში 26 მაისის აღლუმის ჩატარების მზიანშეწონილობის საკითხი დადგება, განსაკუთრებით კი იმ განცხადების კონტექსტში, რომელიც დღეს კეთდება ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან.