პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ქართული ჯარისადმი ირაკლი ოქრუაშვილის მიმართვას არსებული ხელისუფლების აჯანყების გზით დამხობისკენ მოწოდებად" აფასებს.
„ეს არის მოწოდება არსებული ხელისუფლების აჯანყებით დამხობისკენ. ეს ნებისმიერი სახელმწიფოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით დასჯადია. ამიტომ, ასეთი განცხადება შეიძლება გაეკეთებინა მხოლოდ ისეთ პოლიტიკოსს, რომელიც ქვეყანაში არ იმყოფება და რომელიც ადგილობრივი სამართალდამცველებისთვის მიუწვდომელია", - განუცხადა ცინცაძემ „ჯი-ეიჩ-ენს".
მისივე განმარტებით, ოქრუაშვილის ბოლოდროინდელმა განცხადებებმა და მოსკოვში ვიზიტმა „ქართული პარტიის" გეგმები გამოააშკარავა, რაც ქვეყნის ისტორიული არჩევანის შეცვლაში მდგომარეობს.
„ჩვენ თუ ერთ სიუჯეტში განვიხილავთ ოქრუაშვილის ინტერვიუს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან გამართულ აქციას და ოქრუაშვილის ვიზიტს მოსკოვში, ეს გაცილებით მეტია, ვიდრე ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის მცდელობა მოვიდეს ხელისუფლებაში. ეს ნიშნავს არც მეტი არც ნაკლები, ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის შეცვლას - პროდასავლური კურსის პრორუსული კურსით შეცვლას. ეს ნიშნავს კონსტიტუციის, მენტალობის, არსებული კანონმდებლობების და აბსოლუტურად ყველაფრის შეცვლას", - განმარტა პოლიტოლოგმა.
რაც შეეხება ოქრუაშვილის თბილისში შესაძლო ჩამოსვლას, ექსპერტი მას გამორიცხავს და ასეთ შესაძლებლობას არ განიხილავს.
„მან ყველა საბაბი და მიზეზი მისცა ხელისუფლებას, რომ თავისი განცხადებებისა და ქმედების გამო მას პასუხი მოეთხოვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა დაამტკიცოს, რომ ის მოსკოვში საქართველოს ინტერესების სურვილით ჩავიდა და არა პროდასავლური კურსის შეცვლის გეგმით", - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.
აღნიშნულ კონტექსტში, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ოქრუაშვილი ბევრს იღებს საკუთარ თავზე, რის გამოც შესაძლოა „ქართული პარტია" ზოგიერთმა ლიდერმა დატოვოს.
„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ოქრუაშვილი ძალიან ბევრს იღებს თავის თავზე. არა მგონია მისი განცხადებების გამო „ქართული პარტიის" სხვა ლიდერების დაჭერები დაიწყოს, რადგან ყველა პოლიტიკური ლიდერი თავად აგებს პასუხს მის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, მაგრამ მოსალოდნელია, რომ მას რომელიმე ლიდერი გაემიჯნოს. რატომღაც მგონია, რომ სოზარ სუბარი მალე გაემიჯნება ასეთ განცხადებებს და საგარეო პოლიტიკური ვექტორის მკვეთრ შეცვლას მხარს არ დაუჭერს", - განუცხადა სოსო ცინცაძემ „ჯი-ეიჩ-ენს".
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, საფრანგეთში პოლიტიკური დევნილის სტატით მცხოვრები „ქართული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ქართველ ჯარისკაცებს მიმართვას უგზავნის. "რამდენიმე დღეში ქართველი ხალხი ბარიკადებს მიღმა აღმოჩნდება სააკაშვილთან და მის ხელისუფლებასთან. ამ დროს მე, ჩემი ხალხის გვერდით ვიდგები და სხვაგვარად არც შეიძლება. ვიდგები ხალხთან , ფიზიკურად და სიცოცხლის რისკის ფასად,"_აღნიშნა ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ქართველი ოფიცრებისა და ჯარისკაცებისთვის გავრცელებულ სპეციალურ მიმართვაში.
ამასთან, ოქრუაშვილი შეახსენებს ჯარისკაცებს, რომ მას ყველაზე მეტად აქვს გათავისებული სამხედროების და, მთლიანად, ჯარის სატკივარი.
"ბედმა მარგუნა, რომ ორი წლის განმავლობაში თქვენს რიგებში ვყოფილიყავი, იქნებოდა ეს ყოველდღიური ცხოვრება, საველე პირობებში ყოფნა თუ საბრძოლო ოპერაციები. ორი წლის განმავლობაში ნათლად დავინახე, რომ ვერცერთი სხვა მოხელე, იქნება ეს პოლიციელი თუ მეციხოვნე, ტოლსაც ვერ გიდებთ წესიერებაში, ღირსებაში და ქვეყნის სიყვარულში. თუმცა შესაბამისი დაფასება ბოლო წლების განმავლობაში ნამდვილად არ გქონიათ. თქვენი ეშინოდა ორივე მთავარსარდალს შევარდნაძესაც და სააკაშვილსაც. ამ უკანასკნელს პათოლოგიური ზიზღიც კი გაუჩნდა ჯარისადმი 2008 წლის ომის შემდგომ და თავზე ჯალათი დაგასვათ ახალაიას სახით, იმ ერთადერთი მიზნით, რომ გაკონტროლონ, დაგთრგუნონ და აზრის გამოთქმა აგიკრძალონ იმ სიბინძურეზე, რაც დღეს ქვეყანაში ხდება",_ აცხადებს ოქრუაშვილი.
მისი თქმით, აშკარაა, რომ მთავარსარდალი ჯარისკაცებს ისევე ექცევა, როგორც დანარჩენ საქართველოს და პოლიციას. ამასთან, სპეცსამსახურებს მათ წინააღმდეგ ძალადობისათვის ისევე იყენებს, როგორც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.
"პოლიციის ის დაფასება,მატერიალური წახალისება და სხვა ტიპის ყურადღებაც საკმარისია იმის დასანახად, რომ თქვენ არ მიგიჩნევენ მათთან თანასწორად. თქვენი ეშინოდათ და თქვენი ეშინიათ. 2008 წლის ომის შემდეგ, სააკაშვილმა იმდენად შეგიძულათ,რომ მხოლოდ სამხედრო აღლუმებზე ჩასატარებლად გიყენებთ. ან ცოტა უფრო მეტი, სხვის ომში, ერაყსა თუ ავღანეთში როგორც ექსკურსიაზე ისე გგზავნიან გროშების და უდიდესი რისკის ფასად, იმისათვის, რომ დასავლეთში დემოკრატად წარმოჩინდეს. ამ უაზრობას კი ჩვენი მეგობრები, თქვენი თანამებრძოლები ეწირებიან",_ნათქვამია ოქრუაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ოქრუაშვილის თქმით, ქართველ სამხედროებს არ ენდობოდნენ არც ადრე და არც ახლა. ამის დასტურია, რომ საუკეთესო ოფიცრების დიდი ნაწილი არამხოლოდ პოლიტიკური თუ სხვა ნიშნით სამსახურიდან დაითხოვეს, არამედ ციხეში გამოკეტეს შეთითხნილი ბრალდებით, მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველო უყვარდათ და ეს ხმამაღლა თქვეს. ამის მაგალითად ოქრუაშვილს მამუკა გორგიაშვილის და ლევან ამირიძის ფაქტები მოჰყავს.
"სააკაშვილს არც დაუმალავს მისი დამოკიდებულება თქვენდამი, როდესაც ხმამაღლა განაცხადა: „ ჯარი რისი ჯარია თუ არ დაიხოცაო",_აღნიშნავს ოქრუაშვილი.
"ნაცვლად იმისა, რომ სააკაშვილს და სხვა მაღალჩინოსნებს გმირობის და თავგანწირვის მაგალითები ეჩვენებინათ, ტელეკამერების წინ გარბოდნენ. თავს გჭრიდნენ თქვენც და მთელ საქართველოსაც. მაშინ, როდესაც თქვენ საზარბაზნე ხორცი იყავით და იხოცებოდით, ხელისუფლება საკუთარ ოჯახებს საზღვარგარეთ ხიზნავდა და ქონების გატანით იყო დაკავებული. თქვენ დაგაბრალეს, რომ ომი წააგეთ. ომი, რომელიც მხოლოდ ერთმა ადამიანმა წააგო და მას მთავარსარდალი სააკაშვილი ჰქვია. იაკობ გოგებაშვილის „თავდადებული მღვდელი თევდორე " -ში, რიგითი მღვდელი სააკაშვილი თავგანწირვის მაგალითია მტერთან ბრძოლაში, ხოლო დღეს მთავარსარდალი სააკაშვილი სირცხვილის მაგალითად იქცა",_აცხადებს ყოფილი თავდაცვის მინისტრი.
მისი თქმით, ცოტა ხანში ქართული ჯარი ურთულესი არჩევანის წინაშე დადგება, სადაც იგი სიციცხლის რისკის ფასად საკუთარ ხალხთან დადგება.
ოქრუაშვილი იმედოვნებს, რომ ქართველი ჯარისკაცების არჩევანი ისტორიას შეცვლის, სირცხვილს ჩამოგვრეცხს, საქართველოს გადაარჩენს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ისინი ხალხთან დადგებიან, რაშიც მას ეჭვი არ ეპარება.