"ქართული დასის" ლიდერის, დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას შეფასებით, თუ პარლამენტი ჩერქეზთა გენოციდს აღიარებს, სომხეთთან მიმართებაში ეს უსამართლობა იქნება.
"ქართველ და ჩერქეზ ხალხს ისტორიული მეგობრობა აკავშირებთ და ჩვენი მხრიდან ჩერქეზთა მხარდაჭერა არის მორალური პოზიცია, რომელიც შეიძლება დავაფიქსიროთ ცალკეულმა ადამიანებმა, მაგრამ გენოციდის აღირება სახელმწიფო პოზიციის დაფიქსირებას ნიშნავს და ამ პასუხისმგებლობის აღებამდე კარგად დაფიქრებაა საჭირო", - აღნიშნა ბაღათურიამ.
მისი თქმით, გენოციდის აღიარების თხოვნით საქართველოს პარლამენტს სომხეთმაც მიმართა და თუ ჩერქეზთა აღიარებას ვაპირებთ, მაშინ სომხეთთან უსამართლობა გამოგვდის.
"ამიტომ სანამ გადაწვეტილებას მივიღებთ, უნდა დავფიქრდეთ, ამ რეზოლუციის მიღებას რა შედეგი მოჰყვება", - აცხადებს ბაღათურია.
აღსანიშნავია, რომ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების დაჩქარებული სახით აღიარებას საპარლამენტო ოპოზციიდან მხარი მხოლოდ ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" თავმჯდომარემ გია თორთლაძემ დაუჭირა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ჩერქეზთა გენოციდის აღიარების რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირეს და მას დასამტკიცებლად ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე გაიტანენ.