ისტორიული სამართლიანობის აღდგენა არასდროს არ უნდა განიხილებოდეს, როგორც ერთი მხარის პრივილეგია და მეორის დაჩაგვრა. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბაშვილმა კომიტეტების მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების მხარდაჭერის შეფასებისას აღნიშნა.
"ისტორიული სიმართლის გარეშე შეუძლებელია თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნის ჩამოყალიბება. ისტორიის გადაფასებისა და სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით ეს არის უმნიშვნელოვანესი რეზოლუცია, რომელიც ამ მოწვევის პარლამენტმა განიხილა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია, არა მხოლოდ საქართველოსთვის და კავკასიისთვის, ჩერქეზებისთვის, ასევე რუსეთისთვის, რადგან შეუძლებელია ისე ააშენო მომავალი, რომ არ დაუფიქრდე წარსულს", - აცხადებს გაბაშვილი.
გაბაშვილმა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სახელით აღნიშნა, რომ პლენარულ სხდომაზე რეზოლუციის პროექტს მხარს დაუჭერს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ჩერქეზთა გენოციდის აღიარების რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირეს და მას დასამტკიცებლად პლენარულ სხდომაზე 20 მაისს გაიტანენ.