19 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილმა, აღკვეთის ღონისძიების სახით, 40-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა „ქართული პარტიის" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ლიდერს შოთიკო იამანიძეს.
ადვოკატმა შალვა თადუმაძემ, პირადი თავდების საფუძველზე, ბრალდებულის გათავისუფლება მოითხოვა და 40-მდე პირის ხელმოწერა წარმოადგინა. ჯანო ბაგრატიონი, კახი კავსაძე, ანზორ ერქომაიშვილი, ფრიდონ სულაბერიძე, გურამ საღარაძე, გია ყარყარაშვილი, რევაზ და არჩილ არველაძეები და სხვები, შოთიკო იამანიძეს თავდებში უდგებიან, თუმცა, მოსამართლემ არ გაითვალისწინა ადვოკატის ეს შუამდგომლობა და პროკურორ ნათია სონღულაშვილის შუამდგომლობა დააკმაყოფილა ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე.
შალვა თადუმაძის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 19 მაისის გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრდება.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს დანაშაული არ ჩაუდენია და მისი პატიმრობაში ყოფნა აზრს მოკლებულია", - განაცხადა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ შალვა თადუმაძემ. მისივე თქმით, სასამართლოზე წარმოადგენილი იყო შსს-ს ოპერატიული მასალა, შსს-ს თანამშრომელთა ჩვენებები და შსს-ს საექსპერტო დაწესებულების დასკვნა. ამასთან, ყველა საპროცესო მოქმედება ჩატარდა გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსამართლის ბრძანება გამოყენებული არ ყოფილა, ანუ ჯერ ჩატარდა ღონისძიება და მოსამართლეს მხოლოდ ამის შემდეგ მიმართეს.
„ეს ვერ უზრუნველყოფს ალბათობის მაღალ ხარისხს, რადგან ერთ მხარეს დგას რიგითი მოქალაქე შოთიკო იამანიძე, ხოლო მეორე მხარეს - შინაგან საქმეთა სამინისტრო. ბუნებრივია, აქ გამარჯვებული შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნებოდა", - აღნიშნა შოთიკო იამანიძის ადვოკატმა.