ევროკავშირის ელჩის საქართველოში ფილიპ დიმიტროვის განცხახდებით, საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით რამდენიმე ხარვეზია. მისი თქმით ეს ხარვეზები გამოიხატება ნულოვან ტოლერანტობაში, საპატიმროების გადატვირთვითა და 99 პროცენტი განაჩენებისა პროკურატურასთან შესაბამისობაში მოდის.
როგორც დიმიტროვმა დემოკრატიათა თანამეგობრობის საპარლამენტო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ევროკავშირისთვის ადამიანის უფლებების დაცვა არის წმინდათა წმინდა საკითხი, რომლის განხორციელებაშიც ევროკავშირი მის პარტნიორებსა და მეზობლებს დაეხმარება.
"მე ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომელსაც ჩემი კოლეგები ახმოვანებენ და ამბობენ, რომ საქართველოში ხარვეზები ძალიან ბევრია. საქართველომ ვარდების რევოლუციის შემდეგ შესანიშნავი რეფორმები განახორციელა. ის უმკლავდება გამოწვევებს, მან მოახერხა, რომ შეესრულებინა ის მოთხოვნები, რომელიც ევროკავშირს ჰქონდა. 7 წელი არ არის გრძელი პერიოდი და ამ დროის განმავლობაში არც ერთ ქვეყანას, რომელიც ნატოსა და ევროკავშირშია მსგავსი განვითარებისთვის არ მიუღწევია. არის პრობელმები სხვადასხვა საკითხებშიც. ეს პრობლემები გამოიხატება ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებშიც, მაგრამ დავეთანხმები ასევე იმ მოსაზრებებს, რომ საქართველო თუ ახლა გაჩერდა და ეს გზა არ გააგრძელა, ძალიან დიდი ნაბიჯით დაიხევს უკან. უნდა გაგრძელდეს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარება და სხვადასხვა დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება", - განაცხადა დიმიტროვმა.
მისი თქმით, მას სმენია გარკვეული მოსაზრებები, რომ საქართველო ევროკავშირისგან არ იღებს საკმარის დახმარებებს.
"მინდა გითხრათ, რომ ეს ძალზედ არასწორი შეხედულებაა, რადგან ევროკავშირი ძალიან დიდ დახმარებას უწევს საქართველოს და დიდ თანხას ხარჯავს საქართველოში სხვადასვა რეფორმების განსახორციელებლად. საქართველოს გზა ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულია მის თავსებადობასთან ევროკავშირთან", - განმარტავს დიმიტროვი.