"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი გიორგი თარგამაძე "სახალხო კრების" მიერ ორგანიზებულ აქციებთან დაკავშირებით გარკვეულ საშიშროებასა და რისკებს ხედავს.
"ჩვენ სოლიდარულები ვართ პროტესტის გამოხატვის ყველა მშვიდობიანი ფორმის მიმართ. მიგვაჩნია, რომ ეს ხელს შეუწყობს ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებს, მაგრამ სირაქლემასავით ქვიშაში თავს ვერ ჩავყოფთ და ვერ ვიტყვით, რომ ყველანი მშვიდად ვართ და ვერანაირ საშიშროებასა და რისკებს ვერ ვხედავთ, რომელიც შეიძლება ქვეყანაში შეიქმას", - განუცხადა თარგამაძემ ჟურნალისტებს.
აღნიშნულის კონტექსტში, მან საზოგადოებას, აქციის ორგანიზატორებსა და ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაუშვან "რაიმე ტიპის გართულება ქვეყანაში".
"ჩვენ ვცდილობთ პროცესები გადავიყვანოთ იმ ჭრილში, რომელიც ქვეყანას არა არეულობამდე და ქაოსამდე მიიყვანს, არამედ შექმნის ისეთ წინაპირობას, რომელიც პოლიტიკურ პროცესებს მშვიდ კალაპოტში გადაიყვანს. არ მიკვირს, თუ ხელისუფლება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესს დროში ჭიმავდეს და აკვირდებოდეს, როგორც განვითარდება მოვლენები 21 მაისიდან და ამის შემდეგ, მათთვის მომგებიან გარემოში განაახლოს ჩვენთან მოლაპარაკებები, მაგრამ გარკვეული საფრთხეებიდან და რისკებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საზოგადოებასაც, აქციის ორგანიზატორებსაც და ხელისუფლებასაც, რომელსაც10-ჯერ მეტი პასუხისმგებლობა აკისრია, არ დაუშვამ ქვეყანაში რაიმე ტიპის გართულება", - განმარტა თარგამაძემ.