"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას აზრით, როგორც არ უნდა გაჭიმოს ხელისუფლებამ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების დრო, შედეგი მაინც დადგება.
"შეიძლება ხელისუფლების გარკვეულ ტაქტიკას წარმოადგენდეს ის, რომ მმართველი გუნდი პასუხს ამ დრომდე არ იძლევა და მოვლენების განვითარებას ელოდებოდეს, მაგრამ როგორც არ უნდა გაჭიმოს დრო, შედეგი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების სახით, მაინც დადგება", - განუცხადა ალასანიამ ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე.
მისივე განმარტებით, "რვიანსა" და მმართველ გუნდს შორის დიალოგის რესურსი ამოწურული ჯერ კიდევ არ არის.
"ამ პროცესში დიალოგის რესურსი ამოწურული ჯერ კიდევ არ არის და უახლოს პერიოდში მოლაპარაკებები გაგრძელდება, რადგან ეს სჭირდება ქართულ საზოგადოებას და თითოეულ მოქალაქეს, რათა მათ გარანტირებულად ჰქონდეს თავისუფალი არჩევნების უფლება", - განმარტა ალასანიამ.