რადიკალური ოპოზიციის მიერ გამოცხადებული რევოლუციები გადაიქცევა მათი გამოცხადებული პოლიტიკური სიკვდილის ქრონიკად. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა ოპოზიციის მიერ 21 მაისს დაანონსებული აქციების შეფასებისას განაცხადა.
"მე ვხედავ ერთიან კონტექსტს, როგორც ამერიკის საელჩოსთან მოწყობილი აქციაში ასევე იმ მუქარებში, რომელიც აღლუმის ჩაშლას შეეხება", - აღნიშნა წიკლაურმა.
მისი შეფასებით, ის პოლიტიკური პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს ქვეყანაში, ქართული საზოგადოების მხრიდან არის განაჩენის, ვერდიქტის გამოტანა ექსტრემისტული ძალების მიმართ.
"ეს გამოჩნდა ამერიკის საელჩოსთანაც შეკრების დროსაც, როდესაც ადამიანების თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობა შეიკრიბა და გამოჩნდება ამ დაანონსებული რევოლუციის დროსაც. მაისი იქნება ის თვე, როდესაც რადიკალური ოპოზიციის გამოცხადებული რევოლუციები გადაიქცევა მათი გამოცხადებული პოლიტიკური სიკვდილის ქრონიკად", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.