მშენებლობისა და ინტერიერის მე-16 საერთაშორისო გამოფენა Caucasus Biuld 2011 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გახსნა.
როგორც ვერა ქობალიამ აღნიშნა, გამოფენა ერთნაირად საინტერესო და სასარგებლოა როგორც დამთვალიერებელ-კლიენტისთვის, ისე მონაწილე კომპანიებისთვის - ამ პროდუქციით დაინტერესებულ მყიდველს საშუალება აქვს, ერთ სივრცეში ნახოს სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოდგენილი პროდუქცია, გამოფენის მონაწილეებისთვის კი ასეთი მასშტაბური ღონისძიებები ახალი საქმიანი კონტაქტების დამყარების კარგი საშუალებაა.
მონაწილე კომპანიები მომხმარებლებს სთავაზობენ შემდეგ საქმიანობას და პროდუქციას - სამშენებლო მასალისა და აქსესუარების ფართო სპექტრს: ლაქ-საღებავი, აბაზანები, აუზები, სანტექნიკა, გათბობისა და კონდიცირების სისტემები, განათება და ელექტროაღჭურვილობა, კარ-ფანჯრები და ჟალუზები, პარკეტი და მოსაპირკეთებელი ფილები, ასევე სამშენებლო ტექნიკა, სატვირთო ავტომანქანები, მრავალფუნქციური მოწყობილობები და მრავალი სხვა.
გამოფენის ორგანიზატორია "ექსპოჯორჯია", თანაორგანიზატორები კი თურქული, ირანული და პოლონური კომპანიები.
გამოფენა ერთდროულად რამდენიმე პავილიონში იმუშავებს (№4, 5, 6, 10 და 11), დამთვალიერებელს საშუალება აქვს 9 ქვეყნის - აზერბაიჯანის, გერმანიის, თურქეთის, იტალიის, ირანის, პოლონეთის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის 140 კომპანიის 100 სტენდზე წარმოდგენილი პროდუქცია დაათვალიეროს. კომპანიები გამოფენის პარალელურად საკუთარი პროდუქციის პრეზენტაციებს გამართავენ.
მშენებლობისა და ინტერიერის გამოფენა Caucasus Biuld 2011 21 მაისამდე გაგრძელდება.