საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ორგანიზაციების როლის გაზრდის საკითხი მეტი დაბეჯითებით უნდა დასვას. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა "ჯი-ეიჩ-ენს" საჩხერის რაიონში საოკუპაციო ხაზთან რუსი ოკუპანტების მიერ ქართველი ახალგაზრდების დაჭრის ფაქტის შეფასებისას განუცხადა.
"ეს არის ცხადი სურათი, რომ რუსეთის ხელისუფლებასა და საოკუპაციო ჯარებს სურს, არ იყოს მშვიდი ვითარება და ის შეხვედრები, რომლებიც მოქმედებს კონფლიქტის დარეგულირებისთვის, გამოჩნდეს არაეფქტური", - აღნიშნა წიკლაურმა.
მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლებას ახალ-ახალი რეალობებისა და კონფლიქტური კერების შექმნა სურს.
"ყველა ასეთი ფაქტი - მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცება, დაჭრა, მკვლელობის მცდელობები - მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის მაგალითია იმისა, რომ აუცილებელია მონიტორინგის მისიის უფლებამოსილების გაზრდა. ის, რომ თავის დროზე რუსეთმა მოახერხა გაეროს, ეუთოს როლის მინიმალურამდე დაყვანა, მშვიდობიან მოსახლეობას ასე შემოუტრიალდა, ხოლო რუსეთის საოკუპაციო ჯარებს ხელ-ფეხი გაუხსნა", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას წიკლაურმა.