"თავისუფალმა დემოკრატებმა" აგროსასურსათო სექტორის განვითარების 2012-2016 წლების სტრატეგიის პრეზენტაცია გამართეს. როგორც სასტუმრო „ქორთიად მარიოტში" გამართულ პრესკონფერენციაზე „თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, სტრატეგია დაახლოებით ხუთი თვის წინ შემუშავდა.
„საქართველოს ხელისუფლებას შვიდი წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია არ აქვს. ყოველწლიურად ამ სფეროზე ბიუჯეტიდან ერთ პროცენტზე მეტი არ იხარჯებოდა, რამაც საბოლოოდ იმ შედეგამდე მიგვიყვანა, რომ ქვეყანაში სასურსათო პროდუქციის 80 პროცენტი იმპორტირებულია. ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის მთავარი სოფლის მეურნეობის განვითარებაა. ასევე უნდა შეიქმნას დამატებითი ინფრასტრუქტურა სოფლის მეურნეობის კუთხით, რათა გლეხებსა და ფერმერებს მუშაობაში ხელი შეეწყოთ", - განაცხადა ალასანიამ.
„თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დასაძლევად უმნიშვნელოვანეს ფაქტორად შიდა ბაზრის დაცვას, ახალი ბაზრის მოძიებას და ძველი ბაზრის ანუ რუსეთის ბაზრის დაბრუნებაში ხედავს.