რუსეთის სასაზღვრო სადარაჯო "სობოლისა" და "მანგუსტის" ტიპის კატერები სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საზღვაო საზღვრის დაცვას დეკემბერში შეუდგებიან. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრში განმარტავენ, რომ კატერები ასევე დაიცავენ ნაოსნობის წესებს.
"აღინიშნული კატერები ასევე გადაწყვეტენ სახელმწიფო საზღვრისა და იმ საზღვაო სივრცის დაცვას, რომელზეც აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტი, სუვერენული უფლებები და იურისდიქცია ვრცელდება. ისინი ასევე დაიცავენ ნაოსნობის წესებს შიდა საზღვაო წყლებსა და აფხაზეთის ტერიტორიალურ ზღვაში",_ ნათქვამია რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ეს კატერები რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის აფხაზეთის სასაზღვრო სამართველოს დაექვემდებარებიან, რუსეთსა და აფხაზეთს შორის 2009 წლის 30 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით საზღვრის ერთობლივი დაცვის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ თავიდანვე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის სასაზღვრო კატერები ოჩამჩირეში განლაგებულ აფხაზურ პორტში 7 დეკემბერს უნდა შესულიყვნენ, თუმცა ცერემონია ამ დღეს რუსეთის ფედერაციის მთელს ტერიტორიაზე გლოვის დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით გადაიდო.