მთავარი პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე საქართველოში დანაშაულის მაჩვენებელთან დაკავშირებით ევროპელი ქსპერტების მიერ მომზადებულ დასკვნას მიესალმება.
„საქართველო ევროპაში ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო სახელმწიფოა. მაგალითისთვის რამდენიმე შედარებას გავაკეთებ: ჩვენთან ავტომანქანის ქურდობის ფაქტი 3-ჯერ უფრო ნაკლებად ხდება, ვიდრე დიდ ბრიტანეთში, ძარცვის და ყაჩაღობის ფაქტები 4-ჯერ ნაკლებად, ვიდრე შვედეთში, ქურდობა ბინაში შეღწევით ასევე 4-ჯერ ნაკლებად, ვიდრე დანიაში და 2-ჯერ ნაკლებად ხდება ავტომანქანის ნაწილების ქურდობა, ვიდრე ნიდერლანდების სამეფოში. ასე რომ, სამართალდამცველების მიმართ მოსახლეობის განცდა არის ძალიან პოზიტიური და ამას ყველა ხედავს", - განუცხადა საყვარელიძემ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ ევროპელი ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელიც ევროკავშირმა დააფინანსა, საქართველო და თბილისი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ადგილია. საქართველოს მოსახლეობის 98 % კი ქვეყანაში თავს უსაფრთხოდ გრძნობს. კვლევა 1992 წლიდან დღემდე საქართველოში დანაშაულის შემცირების სტატისტიკას შეეხება. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული. დანაშაულის შემცირების თვალსაზრისით ქვეყანაში გარდატეხა ბოლო 5 წლის განმავლობაში მოხდა.
გარდა ამისა, კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 87 % კმაყოფილია სამართალდამცავი ორგანოების მუშაობით და მას ნდობას უცხადებს.
პოლიციის მიმართ გაზრდილი ნდობის მაჩვენებლით საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში პირველ ადგილზე მოხვდა, გამოკითხულ ქვეყნებს შორის კი მესამე ადგილზეა. ანგარიშში ე.წ. ქურდული ავტორიტეტების თემაც მოხვდა და როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, მოსახლეობის 70 %-ზე მეტის აზრით, ქვეყანაში ცნება „კრიმინალური ავტორიტეტი" საერთოდ აღარ არსებობს. კვლევის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 3 ათასი რესპონდენტი გამოიკითხა. კვლევის პრეზენტაცია იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით დღეს გაიმართა.