სოჭისა და სეპარატისტული აფხაზეთის საზღვარზე საავტომობილო გამშვები პუნქტის მშენებლობის დაწყება 2010 წლის თებერვალში იგეგმება. რუსული მედიის ინფორმაციით, ამ დროისათვის ობიექტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია მწყობრში იქნება. მშენებლობის შემსრულებელი მოსკოვური ფირმა "პროექტბიზნესსტროი" იქნება. საავტომობილო ახალ გამშვებ პუნქტზე აშენდება ახალი ხიდი, ხოლო უკვე არსებული ხიდი ქვეითად მოსიარულეთათვის იქნება განკუთვნილი.
"ხალხისთვის შეიქმნება უფრო კომფორტული პირობები, განსაკუთრებით მანდარინის სეზონზე",_ აცხადებს სახელმწიფო საზღვრის მოწყობის ფედერალური სააგენტოს "როსგრანიცას" ხელმძღვანელის მოადგილე ვიქტორ ელცოვი.
თავად მესაზღვრეთა განცხადებით დღეისათვის არსებული გამშვები პუნქტო თანამედროვე მოთხოვნებსა და ნორმებს არ შეესაბამება. მათივე ინფორმაციით, საკურორტო სეზონზე სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საზღვარს დღეღამეში დაახლოებით 3,5 ათასი ავტომობილი და 35 ათასი ადამიანი კვეთს.