"16 მაისს აშშ-ს საელჩოსთან გამართული აქცია არასერიოზული და დაგვიანებული იყო", - მიიჩნევს საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორი კახა კახიშვილი.
მისი აზრით, მსგავსი აქცია ხუთი წლის წინ რომ გამართულიყო, მაშინ კიდევ გასაგები იქნებოდა. იმ დროს დღევანდელ ხელისუფლებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან უალტერნატივო მხარდაჭერა ჰქონდა და აქცია ამერიკის ადმინისტრაციის გამოფხიზლებად იქნებოდა აღქმული.
კახიშვილის თქმით, დღეს, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან საქართველოში არსებული ვითარებისა და შეცდომების გაანალიზებით, არაერთი განცხადება გაკეთდა, ეს აქცია უმიზნოა.
კახიშვილის აზრით, 16 მაისის საპროტესტო აქცია მით უფრო, არასერიოზულია იმ ფონზე, როცა 21 მაისს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებისა და საზოგადოებრივი მოღვაწეების მხრიდან აქციებია დაგეგმილი.
"აშშ-ს საელჩოსთან გამართული აქციის არასერიოზულობის შესახებ ორგანიზატორებმა ძალიან კარგად იციან, მაგრამ ეს სჭირდებათ, რათა დღევანდელი მდგომარეობა პოლიტიკურ ჩიხში უფრო მეტად შეიყვანონ. თუმცა ყველა პოლიტიკური პარტია საკუთარ გზას თვითონ ირჩევს",_აცხადებს კახიშვილი.
მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც მათ იდეას არავინ იზიარებს, გარდა იმ პარტიის წევრებისა, ვინც ჰყავთ, ცოტა უცნაურია ასეთი ხმამაღალი განცხადებები.
"დღეს რომ ყოფილიყვნენ ძალიან ძლიერები, ისეთები, რომ მათი სიტყვა საბოლოო ჭეშმარიტება ყოფილიყო, კიდევ გასაგები იქნებოდა",_აღნიშნა კახიშვილმა.