21 მაისს სიტუაციის დაძაბვის შემთხვევაში, ეჭვი არ მეპარება, ხელისუფლება ძალას გამოიყენებს, რადგან დღესდღეობით ისინი უალტერნატივო ძალაუფლებას გრძნობენ და კარტბლანში აქვთ",_აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორი კახა კახიშვილი.
ამის გამო ექსპერტი ურჩევს რადიკალ პოლიტიკურ ძალებს, თუ ხალხს ქუჩაში გაიყვანენ, მათზე პასუხისმგებლობაც აიღონ.
მისი თქმით, ხელისუფლებას დასავლეთისთვის სათქმელად ექნება, რომ ისინი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ერთ ცივილიზებულ ჯგუფთან მოლაპარაკებებს მართავენ. მართალია, მათთან ამ მოლაპარაკებებში ჯერჯერობით პაუზაა, მაგრამ საბოლოოდ ყველა მოლაპარაკება ერთი ხელის მოსმით არ მთავრდება.
"ხელისუფლება დასავლეთთან თავს იმართლებს, რომ მზადაა, ოპოზიციის ცივილიზებულ ჯგუფს ელაპარაკოს, მაგრამ იმასაც აღნიშნავს, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რა სურთ რევოლუციის მომხრეებს. ამ ფონზე შესაძლოა, ძალა გამოყენოს ხელისუფლებამ და გამოიყენებს კიდეც",_აცხადებს კახა კახიშვილი.
მისი თქმით, ხელისუფლების შესაცვლელად ყველაზე ცივილიზებული ხერხი არჩევნებია.
"გასაგებია, რომ ხელისუფლება ასე ჩვეულებრივ, მოლაპარაკების მაგიდასთან არ დათმობს საარჩევნო გარემოს. ეს ლოგიკურია, რადგან იმას, რაც მათ აქვთ, ბრძოლის გარეშე არ დათმობენ. აქედან გამომდინარე, უფრო ლოგიკური იქნებოდა, ის პარტიები, რომლებიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობენ და ის საზოგადო მოღვაწეები, რომლებიც აქციებით ფიქრობენ ხელისუფლების გადაყენებას, იდეის გარშემო გაერთიანებულიყვნენ. ამით ისინი ხელისუფლებაზე პერმანენტულ პრესინგს ქუჩის აქციებით მოახდენდნენ, რითაც ორივე მხარე მოიგებდა",_აცხადებს კახიშვილი.
ამასთან, მისთვის გაუგებარია, რატომ არ მოხდა ოპოზიციის ორი ნაწილის ამ იდეის გარშემო გაერთიანება. კახიშვილის აზრით, ცალ-ცალკე ბრძოლა და აქციების გარეშე მხოლოდ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მოთხოვნა შედეგს არ მოიტანს. ასევე, მხოლოდ აქციებით_ "წადი და მე მოვალ"_ ვერაფერს გახდებიან.
"დღესდღეობით ხელისუფლება ისეა გაძლიერებული, როგორც არასდროს",_აღნიშნა კახა კახიშვილმა.