"ქართული აკადემიის" წევრი თემურ ნანეიშვილი აშშ-ის საელჩოსთან გამართულ საპროტესტო აქციას მკვეთრად უარყოფითად მიიჩნევს.
"ეს პოლიტიკურად გაუმართლებელი, უდროოა, არავითარ შედეგს არ მოიტანს. თუ მაინცდამაინც ბუშთან უნდათ დატაკება, წავიდნენ რანჩოზე და ამერიკაში მოაწყონ ეს პროტესტი. რა შუაშია აქ ობამას ადმინისტრაცია?!_ აცხადებს თემურ ნანეიშვილი "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.
მისი თქმით, ქართული ოპოზიციის სურვილი იმთავითვე იყო, რომ ამერიკელებს ამ ავტოკრატისთვის დემოკრატიის შუქურა არ ეწოდებინათ, რაც აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ ძალიან კარგად დაინახა.
"ამბობენ, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია მხოლოდ სიტყვიერ დონეზე ეხმარება ქართულ ოპოზიციას და არა ქმედითად. რა გინდათ, რომ საჰაერო სივრცეც გადაკეტოს და ტანკებით შემოვიდეს? აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ ასეთი განცხადებები სრულიად საკმარისია", _აცხადებს ნანეიშვილი.
"ქართული აკადემიის" წევრი შიშობს, რომ სააკაშვილის გუნდმა ამერიკისგან პირი არ იბრუნოს და აღმოსავლეთისკენ არ გაიხედოს.
"ვშიშობ, სააკაშვილის გუნდმა, არ ვიტყოდი მთლიანად ნაციონალურმა მოძრაობამ და პარლამენტმა, არ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომ უარი თქვას სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაზე და გაიხედოს აღმოსავლეთისკენ. ხუთშაბათს ხელისუფლება ჩრდილოეთ კორეის დელეგაციას ოფიციალურად შეხვდება. შეიძლება, ხელისუფლებამ რუსეთისკენაც გაიხედოს. ე.ი. საგარეო ვექტორს შლიან. არა მგონია, ნაციონალურ მოძრაობაში ყველა ერთნაირად აზროვნებდეს და ამას მხარი დაუჭიროს, ეს იქნება ჩვენი ურთიერთობის დასასრული. თუ ჩვენ გვინდა ინტეგრაცია, ამერიკელებსა და ევროპასთან ურთიერთობის გარეშე, ეს დამღუპველი იქნება",_აღნიშნა ნანეიშვილმა.