"ქართული აკადემიის" წარმომადგენელ ნუკრი ქანთარიას აინტერესებს, რა რესურსები აქვს "სახალხო კრებას," რომელიც საზოგადოებას 21 მაისის აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
"ვერ გეტყვით, რა რესურსი აქვთ. მათი მხრიდან ძალიან ოპტიმისტური და მგზნებარე გზავნილებია საზოგადოებისკენ წამოსული. თუ მართლაც ისე მოხდება, რომ 21 მაისიდან გაილევა ნაციონალური მოძრაობა და იგი პოლიტიკური ველიდან მშვიდობიანად გაქრება, ძალიან კარგი იქნება",_აცხადებს ქანთარია "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
მისი თქმით, წარუმატებლობის შემთხვევაში, პასუხისმგებლობას ამ საპროტესტო აქციის ორგანიზატორები აიღებენ. თუმცა არსებობს საფრთხე, რომ ამით ჩრდილი მიადგება საპროტესტოდ განწყობილი საზოგადოების მთლიან სპექტრს.
"მათი შესაძლებლობები უკვე 22 და 23 მაისს გამოჩნდება. საინტერესოა, რა საიდუმლო აქვთ, ლანსელოტი ჰყავთ გადამალული, თუ რაიმე ჯადო იციან? ძალიან მინდა, მათ ისეთი საიდუმლო ჰქონდეთ, რომელიც მშვიდობიანად დაამთავრებს ამ ხელისუფლებას. ახლა კი ისინი ამ პრინციპით მოქმედებენ _ მივედი, ვნახე და უნდა გავიმარჯვო,"_აღნიშნა ქანთარიამ.
მისი თქმით, თუ ეს ძალები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მოთხოვნით დაიწყებდნენ და შემდეგ უკვე სხვა მოთხოვნები ექნებოდათ, კარგი იქნებოდა და ამაში ყველა შეუერთდებოდა.
რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებებს, რომელიც მიიჩნევს, რომ მხოლოდ მის პარტიას შესწევს სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების ძალა, ქანთარია ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს.
"პოლიტიკურმა პარტიებმა ასეთი რამ უნდა თქვან, ეს გასაგებია, ამას საზოგადოებაში მუხტის ასაწევად მიმართავენ. სხვა პარტიებიც ამას აცხადებენ, რომ თურმე მათ გარეშე რეჟიმს ვერავინ გაისტუმრებს. მახსოვს, ნოღაიდელიც ამას იძახდა. ეტყობა, ეს პოლიტიკური პარტიების თანმდევია, რომელთაც სურთ, თავი მეტად წარმოაჩინონ და ხალხს მეტი თვითდაჯერება და ემოცია გადასდონ", _ აღნიშნავს "ქართული აკადემიის" წარმომადგენელი "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
მისი თქმით, ამ ეტაპზე იგი ხალხში რევოლუციურს მუხტს ვერ ხედავს, დანარჩენს კი 21 მაისის აქცია დაგვანახებს.