საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობებისთვის 2011 წლის 1-ელ იანვრამდე შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე დღგ-ის ჩათვლა განხორციელდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "საგადასახადო კოდექსში", რომლის ინიციატორიც საქართველოს მთავრობაა.
კანონპროექტის თანახმად, "საგადასახადო კოდექსის" 309-ე მუხლს მე-19 ნაწილი დაემატება, რომლის მიხედვითაც დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს უფლება აქვს დღგ-საგან გათავისუფლებულ ოპერაციებში გამოსაყენებლად განკუთვნილი საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობებისთვის 2011 წლის 1 იანვრამდე შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე დღგ-ის ჩათვლა განახორციელოს იმ საანგარიშო პერიოდში, რომელშიც ხდება მათი ექსპლუატაციაში მიღება.
საკანონმდებლო ინიციატივის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ 2011 წლის 1 იანვრიდან საკუთარი წარმოების შენობა ნაგებობების ძირითად საშუალებებად ექსპლოატაციაში მიღება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას.
აღნიშნული ნორმა ვრცელდება ისეთ შენობა ნაგებობაზეც, რომელიც განკუთვნილია დღგ-საგან გათავისუფლებული ოპერაციების საწარმოებლად (მაგალითად აფთიაქისათვის, ფინანსური მომსახურებისათვის და სხვ), თუმცა 2011 წლამდე ასეთი ობიექტების საწარმოებლად შეძენილ სამშენებლო მასალებზე და მომსახურებაზე გადახდილი დღგ-ის ჩათვლა არ დაიშვებოდა.
შესაბამისად შენობა ნაგებობა, რომლის მშენებლობა დაწყებულია წინა წლებში, რომლებზეც დღგ-ის ჩათვლები არ განხორციელებულა, ექსპლუატაციაში მიღების მომენტში მაინც იბეგრება დღგ-ით, ხოლო 2011 წლის 1 იანვრამდე შეძენილ სამშენებლო მასალებზე და მომსახურებაზე გასულია დღგ-ის ჩათვლისათვის სსკ 174-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა (სამი საანგარიშო პერიოდი).
"პრობლემის აღმოსაფხვრელად დღგ-საგან გათავისუფლებულ ოპერაციებში გამოსაყენებლად განკუთვნილი შენობა ნაგებობებისათვის 2011 წლის 1 იანვრამდე შეძენილ საქონელზე და მომსახურებაზე იხსნება დღგ-ის ჩათვლისათვის სამი საანგარიშო პერიოდით დადგენილი შეზღუდვა", - ნათქვამია განმარტებით ბარათში.