საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სარფის საბაჟო პუნქტის მშენებლობა დაათვალიერა. პრეზიდენტის თქმით, მას ასეთი ლამაზი საბაჟო მსოფლიოში არ უნახავს. მისი განცხადებით, თუკი თურქეთის საზღვარზეც ჩატარდება მსგავსი სამუშაოები, გრძელი რიგები სამუდამოდ წარსულს ჩაბარდება.
‘'მსოფლიოში ასეთი ლამაზი საბაჟო არსად არ ვიცი. ერთი პრობლემა რაც მაწუხებს, ის არის რომ აქედან გაცილებით ბევრი გასასვლელია ვიდრე თურქეთიდან პირიქით. თვის ბოლოს ჩამოდის თურქეთის პრემიერ-მინისტრი. მინდა ეს საკითხი დავაყენო მასთან, რადგან აუცილებელია ორივე მხარეს ერთნაირი პირობები იყოს, რათა საცობები და რიგები აღარ შეიქმნას", - განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე საშვილიშვილო არქიტექტურა კეთდება.
‘'ადრე პირიქით იყო ხოლმე. ჩვენი მეზობელი ქვეყნების მხარეს კეთილმოწყობილი საბაჟო პუნქტები იყო, ჩვენს მხარეს კი ჯიხურები, გაუპარსავი, დამშეული მესაზღვრეები, რომელსაც ერთი მოლოდინი ჰქონდათ რა წაერთმიათ ხალხისთის და ქრთამი აეღოთ. ახლა პირიქით არის. ყველა სხვა მეზობელთან უკეთესი საბაჟოები და უკეთესი სასაზღვრო პუნქტები გვაქვს. ეს ბოლო 2-3 წლის ცვლილებების შედეგად მოხდა. ბათუმს ყველაზე ლამაზი საბაჟო უნდა ჰქონდეს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი მიმდინარე თვის ბოლოს გაიხსნება. მის გახსნა საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, თურქეთის პრემიერ-მინისტრი, რეჯეპ ტაეპ ერდოღანიც დაესწრება.