"ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერ ირაკლი ალასანიასა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შეხვედრას გამოეხმაურა. მისი თქმით, ალასანიამ ძალიან კარგი გააკეთა როდესაც ლავროვთან შეხვედრა დაგეგმა და განახორციელა.
"ხელისუფლება ხშირად მანიპულირებს ოპოზიციურ ძალებში რუსული ფულის არსებობით, მაგრამ მათ დღემდე რუსული ფულის 1 დოლარიც ვერ გვანახა. ძალიან კარგი გააკეთა ალასანიამ როდესაც ლავროვთან შეხვედრა დაგეგმა და განახორციელა. თუ, ვანო მერაბიშვილს აქვს უფლება შეხვდეს რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრ რაშიდ ნურგალიევს, რატომ არ აქვს უფლება, იმავე ალასანიას, "ეროვნულ ფორუმს", ნინო ბურჯანაძეს და სხვებს შეხვდნენ რუს მაღალჩინოსნებს. ხელისუფლება ლაპარაკობს რაღაც აგენტურულ ქსელებზე, მაგრამ იმას ვერ ხვდებიან რომ რუსეთთან ურთიერთობების დამყარება აუცილებელია. პრობლემები ჩვენ გვაქვს რუსეთთან და სწორედ რუსეთთან არის აუცლებელი ურთიერთობა", - განაცხადა სანიკიძემ.
მისი თქმით, რუსეთთან ურთიერთოების დამყარების აუცილებლობას ჩვენს მოსახლეობაში პრორუსული განწყობების ამაღლებაც ადასტურებს.
"ქართული პარტიის" თავმჯდომარე სოზარ სუბარის ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში გაკეთებული განცხადების თანახმად, "ალიანსი საქართველოსთვის", 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის რუსეთთან გარიგებაში იყო. "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერთან, დავით უსუფაშვილთან გამართულ დებატებზე აღნიშნა, რომ ირაკლი ალასანიასა და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის მიუნხენში შეხვედრა შემთხვევითი არ ყოფილა, იყო დაგეგმილი და წინ უძღოდა სხვა შეხვედრები, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. "ქართული პარტიის" ლიდერის ბრალდება პოლიტიკოსებს შორის მწვავე სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. უსუფაშვილმა სუბარს ნაძირალა უწოდა.