რუსეთის ფედერაციის საბჭო პრეზიდენტს ქვეყნის ფარგლებს გარეთ რუსეთის შეიარაღებული ძალების გამოყენების უფლებას 16 დეკემბერს მისცემს. ეს განცხადება დღეს რუსეთის ფედერაციის ზედა პალატის სპიკერმა სერგეი მირონოვმა გააკეთა.
"16 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის ზედა პალატა სახელმწიფოს მეთაურის მიმართვას განიხილავს და ჩვენ მივცემთ საშუალებას რუსეთის პრეზიდენტსა და ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, გამოიყენოს ისინი ქვეყნის საზღვრებს გარეთ", _ განაცხადა მირონოვმა.
შეგახსენებთ, რომ 8 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა რუსეთის ფედერაციის საბჭოში წინადადება შეიტანა, რომლის მიხედვითაც ითხოვს, რუსეთის პრეზიდენტს მიეცეს უფლება, რუსეთის ფარგლებს გარეთ, "რუსეთისა და მისი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად", ოპერატიულად გამოიყენოს ქვეყნის შეიარაღებული ძალები.
"სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების ინტერესების დაცვისა და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, რუსეთის პრეზიდენტს მიეცეს საშუალება იმისა, რომ მიიღოს გადაწყვეტილება, ქვეყნის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ოპერატიულად გამოიყენოს შეიარაღებული ძალები საერთაშორისო სამართლის საერთოდ მიღებული და საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად, ასევე გაფორმებული ხელშეკრულებებითა და ფედერალური კანონის შესაბამისად", _ იუწყება რუსული მედია.
კრემლის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიერ ეს წინადადებები შეტანილია რუსეთის კონსტიტუციის "გ" პუნქტის, 1 ნაწილის 102-ე მუხლისა და 1996 წლის 31 მაისს მიღებული ფედერალური კანონის შესაბამისად.