აფხაზი სეპარატისტები იაპონიასთან მეგობრული კავშირების დამყარებას ცდილობენ და ამ მეგობრობის ნიშნად მანდარინის ხეების დარგვის საზეიმო ცერემონიალის გამართვას აპირებენ.
სეპარატისტულ აფხაზეთში იაპონიის საზოაგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციის "ისსუი-კაი"-ს დელეგაცია იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, იაპონური დელეგაციის წევრებმა 1992-1993 წწ. კონფლიქტის დროს დაღუპულ აფხაზ ბოევიკთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
დღეს, 12 მაისს დელეგაცია აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის სპიკერს ნუგზარ აშუბას, ე.წ. პრემიერ-მინისტრს სერგეი შამბას, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს მაქსიმ ღვინჯიას და აფხაზეთში მოქმედ ეკონომიკური განვითარების პარტიის ლიდერს ბესლან ბუთბას შეხვდება.
ხვალ, 13 მაისს, იაპონელები აფხაზეთის მე-10 სკოლას მონახულებენ. დელეგაციის წარმომადგენელი მიცოხირო კიმურა კი აფხაზეთის უნივერსიტეტში ლექციას წაიკითხავს.
ზეგ, 14 მაისს სოხუმის პარკში აფხაზეთსა და იაპონიას შორის არსებული მეგობრობის ნიშნად მანდარინის ხეების დარგვის ცერემონიალი გაიმართება.
ამას გარდა, აფხაზეთში მყოფი იაპონური დელეგაციის წარმომადგენლები აფხაზეთის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ.
აღსანიშნავია, რომ მოძრაობა "ისსუი-კაი" 1972 წელს დაფუძნდა. მისი თავმჯდომარე მიცოხირო კიმურაა.
2010 წლის 17 მაისს იგი ცხინვალში იმყოფებოდა და ოს სეპარატისტთა ლიდერს ედუარდ კოკოითს შეხვდა.