12 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შედგება პრესკონფერენცია სუხიშვილების ორ საქველმოქმედო კონცერტთან დაკავშირებით. ანსამბლი კონცერტებს ფონდის - "ხელოვანები თანადგომისათვის" - მხარდასაჭერად გეგმავს. პრესკონფერენციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე დავით ქირია, ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სოფო აბულაძე და ანსამბლ "სუხიშვილების" გენერალური დირექტორი ნინო სუხიშვილი დაესწრებიან.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქველმოქმედო ფონდის "ხელოვანები თანადგომისთვის" ორგანიზებით 13 და 14 მაისს, თბილისის "ივენთ ჰოლში" განახლებული პროექტი "ასსა " გაიმართება. "ასსას" სუხიშვილები პირველად წარმოადგენენ საქველმოქმედო მიზნით.
"ხელოვანები თანადგომისთვის" ფონდის ეგიდით საქართველოში ფუნქციონირებს ხელოვნების 12 სკოლა, სადაც 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად დევნილი ბავშვები ხელოვნების სხვადასხვა დარგს უფასოდ სწავლობენ. სკოლებში დასაქმებულნი არიან დევნილი მასწავლებლებიც.
ამ ორი კონცერტიდან შემოსული თანხა წეროვანის ხელოვნების სკოლას მოხმარდება. მათი სურვილის გათვალისწინებით სკოლას რამდენიმე წრე შეემატება.
ანსამბლი "სუხიშვილები"განაგრძობს ფონდთან მჭიდრო ურთიერთობას და მის მხარდასაჭერად მომავალშიც გეგმავს საქველმოქმედო საღამოების გამართვას დევნილი ბავშვების განათლება-განვითარებისთვის.
ფონდი "ხელოვანები თანადგომისთვის" ქართველ ხელოვანებთან ერთად რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას აპირებს. ფონდის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.